top of page
Search

ანორექსია ნევროზა

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Feb 18, 2020
  • 3 min read

Updated: Jan 13, 2023

ხშირად მოხსენიებული როგორც ანორექსია, არის კვებითი აშლილობა რომელიც ხასიათდება არაჯანსაღი სიგამხდრით, გასუქების დაუძლეველი შიშითა და წონისა და ფორმების ადეკვატურად აღქმის პრობლემით. ადამიანებს რომლებსაც ანორექსია აწუხებთ ასევე ობსესიური მიდრეკილება აქვთ აკონტროლონ თავიანთი წონა და ფორმები ყველა შესაძლო მეთოდის გამოყენებით, რაც მათი ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებს.

წონაში მომატების ასარიდებლად ანორექსიით დაავადებული ადამიანები ექსტრემალურად ზღუდავენ ყოველდღიური საკვებისა და კალორიების დოზას, ან ხელოვნური გზებით ცდილობენ მიღებული საკვების სხეულიდან გამოდევნას მისი მირთმევიდან მოკლე დროში (პირღებინება, ლაქსატივების მიღება, ენიმა და სხვა). ასევე შეიძლება საქმე გვქონდეს გადაჭარბებულ ვარჯიშთან რომელიც წონის კლების მსგავსად არასდროსაა საკმარისი, რადგან წონაში მომატების შიში არსებობს, რომელიც პაციენტს არასდროს ტოვებს.

ანორექსია ერთი შეხედვით საკვებთანაა კავშირში, თუმცა ეს ასე სულაც არაა. იგი სერიოზული, სიცოცხლისთვის სახიფათო აშლილობაა რომელიც ემოციურ პრობლემებთან გამკლავებისთვის გამოიყენება. ადამიანებს რომლებსაც ანორექსია აწუხებთ, საკუთარი თავის ფასს სხეულის სიგამხდრესთან აიგივებენ. ამ აშლილობას შეუძლია ადამიანის მთელი ცხოვრება შთანთქოს და იდენტობის, ფიზიკური ჯანმრთელობისა, ურთიერთობებთან დაკავშირებული და სხვა პრობლემები გამოიწვიოს.


სიმპტომები


ანორექსიის ფიზიკური ნიშნები პირდაპირ კავშირშია შიმშილთან. ის ასევე მოიცავს ემოციურ და ქცევით პრობლემებს რომლებიც სხეულის აღქმის არარეალურ სურათთანაა კავშირში. ფიზიკური ნიშნებისა და სხვა სიმპტომების შემჩნევა შესაძლოა რთული იყოს, რადგან ანორექსიის დროს ადამიანები საკუთარ ჩვევებს მალავენ.

მაგრამ მაინც, შესაძლო ფიზიკური სიმპტომებია:

-წონაში კლება რადიკალური მაჩვენებლებით;

-არაჯანსაღი სიგამხდრე;

-მოთენთილობა და დაღლილობა;

-ინსომნია;

-თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა;

-თითების ლურჯი შეფერილობა;

-თმების სიჯანსაღესთან დაკავშირებული პრობლემები;

-მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემები;

-მუცლის ღრუს ტკივილი;

-მშრალი და მოყვითალო შეფერილობის კანი;

-სიცივის მიმართ გაუსაძლისი აუტანლობა;

-დაბალი არტერიული წნევა;

-დეჰიდრატაცია;

-ფეხებისა და მხრების შეშუპება;

-პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა კარიესი და კბილების გარსის დაზიანება რაც ხშირი პირღებინებითაა გამოწვეული.


ზოგიერთი ადამიანი რომელსაც ანორექსია აწუხებს შესაძლოა, იღებდეს საკვების დიდ დოზებს შემდეგ მიღებულ საკვებს ხელოვნურად დევნიდეს სხეულიდან, თუმცა ბულემიისგან განსხვავებით მათი ფიზიკური აღნაგობა ცალსახად უფრო სიგამხდრესთან ასოცირდება.


რაც შეეხება ემოციურ-ქცევით სიმპტომებს:

ანორექსიის ქცევითი ნიშნებია:


-დიეტისა და შიმშილის გამოყენებით საკვების რადიკალურად შეზღუდვა;

-გადამეტებული ვარჯიში;

-ლაქსატივების მიღება და ხელოვნური გზებით სხეულიდან საჭმლის გამოდევნის მცდელობები.


ემოციური ნიშნები:


-თავის დაკავება საკვებით, რაც მოიაზრებს საკვების მზადებას სხვებისთვის, თუმცა მის არმირთმევას;

-საუზმის, სადილისა და ვახშმის გამოტოვება;

-შიმშილის გრძნობის უარყოფა;

-მხოლოდ ე.წ „უსაფრთხო“ საკვების მიღება, რაც ნიშნავს დაბალკალორიული და დაბალცხიმიანი საკვების მიღებას;

-მკაცრი კვებითი რიტუალები. მაგალითად, საკვების ღეჭვა და შემდეგ მისი არმირთმევა;

-საჯარო ადგილებში საკვების მიღების შიში;

-მიღებული საკვების დოზაზე ტყუილების თქმა;

-წონის მატების შიშით გამოწვეული ყოველდღიური "სასწორზე დგომის" რიტუალი;

-ხშირად თავის შემოწმება სარკეში;

-სიმსუქნის შესახებ წუწუნი მაშინაც კი, როცა ადამიანი საოცრად გამხდარია;

-ტანსაცმლის ფენებში „ჩამალვა“;

-ინდიფერენტულობა;

-სოციალიზაციისგან თავის შეკავება;

-ინსომნია;

-სექსის მიმართ ინტერესის დაკარგვა.

როდის ვნახოთ ექიმი


სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი რომელიც ანორექსიით იტანჯება შესაბამის დახმარებაზე უარს ამბობს, რადგან ცხოვრების ეს წესი ერთადერთ „სწორ“ გზად ეჩვენება. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვენს ახლობელ ადამიანებს და მათი ნდობის მოპოვების ხარჯზე დავარწმუნოთ, რომ შესაბამისი დახმარების მიღება აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შესაბამისი პროფესიონალის ჩარევის შემთხვევაში ოჯახისა და ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია!


გამომწვევი მიზეზები

არსებობს ანორექსიის გამომწვევი შემდეგი სავარაუდო მიზეზები:

ბიოლოგიური: გენეტიკური ფაქტორები ძალიან დიდ როლს თამაშობენ მსგავსი ტიპის აშლილობების ჩამოყალიბება-განვითარებაში. მიუხედავად იმისა რომ უცნობია კონკრეტულად რა ტიპის გენი იწვევს მის განვითარებას, რამდენიმე წლის დაკვირვების შემდეგ გენიტიკურ ფაქტორებს ერთ-ერთ მიზეზად თამამად მიიჩნევენ.

ფსიქოლოგიური: ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივად აქვს მიდრეკილება პერფექციონიზმისკენ რამაც ანორექსიისთვის დამახასიათებელი კვებითი ჩვევები შეიძლება ერთგვარად მიმზიდველი გახადოს მათთვის. ასევე, ისეთი ემოციური პრობლემები რომელიც სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული, შესაძლო საბაბად გადაიქცნენ ინდივიდის ცხოვრებაში რაღაცაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

გარემო: ჟურნალები, გაზეთები, დასავლური კაპიტალისტური მოდის ინდუსტრია რომელიც ადამიანებს სხვადასხვა არასაჭირო ტრენდებს სთავაზობს და აჯერებს, თუ როგორები „უნდა“ იყვნენ ისინი. ალბათ, უამრავ ჩვენგან გაუგია თუ როგორ სურს ბევრ ტინეიჯერს ჰგავდეს არაჯანსაღად გამხდარ პოდიუმის მოდელს.


რისკ ფაქტორები


ანორექსია უფრო მეტად გოგონებსა და ქალებს აწუხებთ. თუმცა, ბოლო ხანებში გაზრდილი სოციალური წნეხის გამო მამაკაცებშიც მომრავლდა კვებითი აშლილობები (განსაკუთრებით ლგბტქ+ თემში). როგორც წესი, ანორექსია ტინეიჯერობის ასაკში ვითარდება, როცა ადამიანებს ისედაც მძიმე ემოციური ეტაპების გადალახვა უწევთ.

ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც იგივე დიაგნოზი და მდგომარეობა ვითარდება ზრდასრულ ასაკშიც, რაც დაკავშირებულია მძიმე სტრესსა და მოულოდნელ ცვლილებებთან. მეინსტრიმ მედიაში ვხვდებით სატელევიზიო შოუებსა და

ფილმებს რომელიც ამ თემატიკას უსვამს ხაზს (Skins, To The Bone, Starved...). ასევე ვაწყდებით მუსიკოსებსა და

არტისტებს რომლებიც ამ თემატიკაზე ღიად საუბრობენ და აღწერენ იმ სირთულეებს რომელიც ანორექსიისა და ზოგადად, კვებითი აშლილობების დიაგნოზებს ახლავს თან (Florence and The Machine – Hunger).


გართულებები


კვებითი აშლილობები და განსაკუთრებით ანორექსია შეიძლება იყოს ძალიან სახიფათო და ხშირად, ფატალურიც. მას ახლავს უამრავი ფიზიკური გართულება:

-ანემია;

-გულთან დაკავშირებული პრობლემები;

-ძვლების გამოფიტვა;

-კუნთოვანი ქსოვილების პრობლემები;

-მენსტრუაციის დაგვიანება (ხანდახან რამდენიმე თვით);

-ტესტოსტერონის დაბალი დონე;

-საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები;

-მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ნივთიერებების ნაკლებობა;

-თირკლმის პრობლემები.

ემოციური პრობლემები:

-დეპრესია, შფოთვა და სხვა ტიპის ხასიათთან დაკავშირებული აშლილობები;

-პიროვნული აშლილობები;

-ობსესიურ-კომპულსური აშლილობის განვითარების მაღალი რისკი;

-ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ მიდრეკილება;

-საკუთარი თავის დაზიანების მცდელობები.

პრევენცია


არავინაა დაზღვეული რაიმე ტიპის კვებითი აშლილობიდან. მისი პრევენციის გზები და მზა ნაბიჯები არ არსებობს. თუმცა არსებობს მისი ადრეული ნიშნები, მისი მკურნალობის საშუალება და მეთოდები და ოჯახისა და ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა, რომელიც აუცილებელია არამარტო ამ, არამედ სხვა ნებისმიერ საკითხში. ანორექსიის განვითარების ერთ-ერთი ქცევითი პატერნი ემოციურ პრობლემებს უკავშირდება რაც ემოციური ინტელექტის განვითარების აუცილებლობაზე მიანიშნებს. და მაინც, თუ შენ ახლა ამას კითხულობ და ის ინფორმაცია რაც აქ ამოიკითხე ნაცნობია შენთვის, შენ მარტო არ ხარ! არსებობენ ადამიანები რომლებიც შენს დახმარებას შეძლებენ, მოგისმენენ და არ განგსჯიან!

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page