სხეულის დისმორფული აშლილობა ფსიქიკური აშლილობაა რომლის დროსაც ადამიანს არ შეუძლია ფიქრი შეწყვიტოს სხეულის კონკრეტულ ნაწილზე, ან ნაწილებზე, რომელიც მისი აღქმით დეფექტურია, ან ნეგატიურად გამორჩეულია და რომელსაც სხვა ადამიანები ნაკლებად, ან საერთოდ ვერ ამჩნევენ. ამ აშლილობის მქონე ადამიანები განიცდიან სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას სხეულის ნაწილების გამო იმდენად, რომ სახლიდანაც კი არ გადიან და ერიდებიან კონკრეტულ სოციალურ სიტუაციებს.

როცა სხეულის დისმორფული აშლილობა გაქვს, დიდ დროს ატარებ საკუთარ გარეგნობაზე ფიქრში, სარკესთან საათობით დგომაში და სხეულის კონკრეტულ ნაწილებზე ფიქსაციაზე, რის გამოც ცხოვრების ხარისხი მცირდება. ამ აშლილობის მქონე ადამიანებს ახასიათებთ აღიარების, გადამოწმების მუდმივი სურვილი, რის გამო შეიძლება მათგან გაიგოთ წუწუნი იმაზე, თუ რამდენად არ მოსწონთ მათი ცხვირი, ან ხელები, ან ფორმა და ა.შ.
სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, რაც სტრესსა და შფოთვას დროებით ამცირებს, თუმცა პროცედურებიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ იგივე წრე იწყება, როცა ადამიანს ისევ არ მოსწონს კონკრეტული სხეულის ნაწილი და მის გამუდმებით შეცვლას ცდილობს. რა თქმა უნდა მსგავსი რამ დიდ ფინანსებთანაა კავშრირში და როცა ადამიანის ფინანსური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, შესაძლოა, ვალებით და ნასესხები თანხებით გამოწვეულ ფინანსურ პრობლემებსაც წავაწყდეთ.
სიმპტომები:
-განსაკუთრებული კონცენტრაცია სხეულის იმ ნაწილზე რომელსაც სხვები ვერც კი ამჩნევენ, ან ყურადღებას არ აქცევენ;
-იმის დაჯერება, რომ ადამიანს დეფექტი აქვს სხეულზე რომელიც მას მახინჯად და შეუხედავად წარმოაჩენს;
-იმის დაჯერება, რომ სხვები შენს კონკრეტულ სხეულის ნაწილზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ნეგატიურ კონტექსტში და დაგცინიან;
-ობსესიური აქტივობებით დაკავება, როგორიცაა საათობით სარკის წინ დგომა, თმის ვარცხნა, კანის მოვლის პროცედურებზე საათების ხარჯვა და ა.შ;
-სხეულის ნაწილების დაფარვის მცდელობა დიდი ზომის ტანსაცმლით, ან სხვა საშუალებებით;
-საკუთარი გარეგნობის სხვა ადამიანების გარეგნობასთან მუდმივი შედარება;
-სხვა ადამიანებისგან გარეგნობის ერთგვარი ვალიდაციის მოპოვების მცდელობები;
-პერფექციული ტენდენციები ქონა;
-უმნიშნელო კოსმეტიკური პროცედურებისკენ მიდრეკილება;
-სოციალური სიტუაციების თავიდან არიდება.
მსგავსი ტიპის გადაჭარბებული ღელვა და ზრუნვა გარეგნობაზე მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების ხარისხს. განმეორებითი ქცევები, როგორიცაა სარკეში საათობით ყურება, საკუთარ თავზე იმის თქმა რომ მახინჯი ხარ და ა.შ, რა თქმა უნდა არასასურველია და მას გავლენა აქვს სოციალურ ცხოვრებაზე, სამსახურზე, სკოლასა თუ უნივერსიტეტზე, პირად ურთიერთობზე. სხეულის ის ნაწილები რომელზეც ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს და ყველაზე ხშირად ისინია:

-სახე და სახის ნაწილები. განსაკუთრებით ცხვირი და ნაოჭები;
-თმა. თმის შეთხელება, ან გამელოტება;
-კანი. აკნე, ვენების ხილვადი კონცენტრაცია სხეულის რომელიმე ნაწილში;
-მკერდი და მკერდის ზომა;
-კუნთები და სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაკუნთვა;
-გენიტალიები. მამაკაცებში გენიტალიების ზომა და ფორმა, ქალებში ყველაზე მეტად გავრცელებულია ლაბიოპლასტიკის შემთხვევები.
ყურადღების იმაზე გამახვილება როცა საქმე ისეთ შემთხვევასთან გვაქვს, როცა ადამიანს საკმარისად დიდი და ძლიერ არ ჰგონია საკუთარი თავი (კუნთების დისმორფია) ძირითადად მამაკაცებში გვხდება.
სხეულის დისომრფული აშლილობით გამოწვეული ფიქრები რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, შესაძლოა საერთოდ არ იყოს სიმართლესთან ახლო, ან ნაწილობრივ მართალი იყოს. მსგავს ფიქრებზე დაკვირვებით შესაძლოა ადამიანი მიხვდეს, რომ მისი აღქმის უნარი არაჯანსაღია და დახმარების მიზნით ფსიქოლოგს მიმართოს, რაც მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. როგორც წესი, რაც უფრო მძიმეა მდგომარეობა, მით უფრო უჭირს ადამიანს გარეგნობიდან რამე სხვაზე გადაიტანოს ყურადღება და საერთოდ, სხვა რამეზე იფიქროს.
გამომწვევი მიზეზები:
სხვა ბევრი აშლილობის მსგავსად სხეულის დისმორფულ აშლილობას კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ აქვს. ის შეიძლება იყოს გენეტიკური, გარემო ფაქტორებით გამოწვეული და ბავშვობაში ახლობელი ადამიანების მხრიდან ნეგატიური შეფასებების მიღებით განვითარებული მდგომარეობა. მნიშნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სოციალური მედიის ხანაში გახშირებულია მსგავსი დიაგნოზები რასაც არაჯანსაღი და არარეალური სხეულის იმიჯი იწვევს, რომელიც ცნობილი ადამიანებიდან და მოდის სახლებიდან მოდის. იგივე მიზეზები ხშირად კავშირშია კვებითი აშლილობების განვითარებასთანაც და არც თუ ისე იშვიათად სხეულის დისმორფული აშლილობა და კვებითი აშლილობის დიაგნოზი, შეიძლება ერთდროულად იქნას დასმული.
როდის უნდა მივიდეთ ფსიქოლოგთან?
სხეულის დისმორფული აშლილობა ისეთი მდგომარებაა რომელიც თავისით არსად არ მიდის და ქრება. პირიქით, დროთა განმავლობაში ის შესაძლოა გაუარესდეს და სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს ადამიანი. მაგალითად, პლასტიკური ქირურგიისადმი ობსესიამ, შესაძლოა ადამიანს ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩინოს. ასევე ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებში ვაწყდებით სუიციდის შემთხვევებსაც. ასე რომ თუ ჩამოთვლილ სიმპტომებს განიცდით და სხეულის კონკრეტული ნაწილის გამო გრცხვენიათ სახლიდან გასვლაც კი, აუცილებელია შესაბამისი ფსიქოლოგისა და დახმარების პოვნა.
თუ სუიციდური ფიქრები გაქვთ, აუცილებლად დარეკეთ 112-ში.
რისკ ფაქტორები:
როგორც წესი სხეულის დისმორფული აშლილობა ტინეიჯერობისას იწყება და ორივეს, ქალებსაც და კაცებსაც ემართება. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით ზუსტი გამომწვევი მიზეზები, არსებობს რისკ ფაქტორები:
-ისეთი ნათესავის ყოლა რომელსაც მსგავსი, ან ობსესიურ-კომპულსური აშლილობის დიაგნოზი აქვს;
-ნეგატიური გამოცდილებები ბავშვობაში. მაგალითად, ძალადობის ან ინდივიდის საჭიროებების იგნორირების შემთხვევები;
-ხასიათის ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა პერფექციონიზმი;
-საზოგადოებრივი წნეხი და სილამაზის სტანდარტები;
-სხვა ფსიქიკური პრობლემების ქონა. მაგალითად, დეპრესიის, ან შფოთვითი აშლილობის.

გართულებები:
იმ შემთხვევაში, თუ სხეულის დისმორფულ აშლილობას არ ვუმკურნალებთ, შესაძლოა შემდეგი გართულებები განვითარდეს:
-დეპრესიული და ხასიათთან დაკავშირებული აშლილობები;
-კვებითი აშლილობები;
-სუიციდური ფიქრები და მცდელობები;
-შფოთვითი აშლილობები (განსაკუთრებით, სოციალური ფობია);
-ობსესიურ-კომპულსური აშლილობა;
-ნივთიერებაზე დამოკიდებულება (სასმელი, ნარკოტიკები და სხვა.);
-ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
პრევენცია:
დიაგნოზის პრევენციის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ზოგადი დაკვირვებებით შეიძლება იმის თქმა, რომ მსგავსი ქცევითი პატერნები ტინეიჯერობისას ვითარდება და მათზე დაკვირვებით შესაძლოა, აშლილობის დროულად კონტროლი. მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებს ვასწავლოთ სხეულის სიყვარული და მისი მიღება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ტინეიჯერობისას ნაკლები დრო გაატაროს ბავშვმა სოციალურ ქსელებში, სადაც უამრავი სტანდარტი და მასალაა რომელიც სხეულთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება და რომელიც საღ აზრს მოკლებულია. მსგავს ზღვა ინფორმაციასთან შესახვედრად ბევრ ზრდასრულ ადამიანსაც კი არ აქვს ემოციური მზაობა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ დავაკვირდეთ ჩვენს თავს, სხვა ადამიანებს, ბავშვებს ჩვენ ირგვლივ და დროულად მივმართოთ სპეციალისტს საჭიროების შემთხვავაში.
Comments