სულაც არაა გასაკვირი ის რომ ადამიანის ადრეული განვითარებისას სიყვარულის განცდა მნიშვნელოვანია, რათა მისი ჯანსაღ და ჯანმრთელ პიროვნებად ჩამოყალიბება მოხდეს. ბევრი მშობლისთვის სიტყვა „სიყვარული“ უცხო სულაც არაა, მაგრამ ბევრი მშობლისთვის ამ გრძნობის სიღრმისეული, გააზრებული და ავთენტური განცდა იმის გამო რომ მათ ბავშვობაში რაღაც აკლდათ, სამწუხაროდ უცხოა. ჯერ კიდევ ამ დრომდე ფსიქოლოგია ცდილობს რაც შეიძლება მეტი გაიგოს სიყვარულის გავლენაზე ჩვენს ქცევით და კომუნიკაციურ ტენდენციებსა და მოდელზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა არსებობს რამდენიმე საკითხი რომელზეც ყველა მშობელი უნდა დაფიქრდეს და იმუშაოს:

ჯანსაღი კომუნიკაცია:
მშობელი რომელსაც საკუთარი შვილი უყვარს ყოველთვის ცდილობს მისი შვილის პერსპექტივით შეხედოს სამყაროს როცა მასთან უწევს კომუნიკაცია და ურთიერთობა. იმის გააზრება, რომ პატარა ბავშვების ცნობიერება საკმარისად განვითარებული არაა იმისთვის, რომ მათ გარე სამყაროს გავლენები და იმპულსები აღიქვან მნიშვნელოვანია, რათა მათი ყურადღების ცენტრში ყოფნას შევუწყოთ ხელი (არა იმისთვის რომ გავანებივროთ, არამედ იმისთვის, რომ დავეხმაროთ სწავლასა და განვითარებაში). ბავშვებს ადრეულ ასაკში სჭირდებათ ჯანსაღი კომუნიკაცია იმისთვის, რომ გამოუცდელი და გულუბრყვილო ადამიანებიდან, ჯანსაღ, ემპათიურ, დამოუკიდებელ და ემოციურად ჯანმრთელ ადამიანებად გაიზარდონ. მოსიყვარულე მშობელს ეს ყველაფერი ინსტინქტურად ესმის და ხვდება, რომ ბავშვი რომელიც სულ ყურადღებას სთხოვს კი არ უნდა დასაჯოს, არამედ ესაუბროს, რათა მას სიყვარული და სამყაროს აღქმის მისეული ენით გადმოცემული ინტერპრეტაცია მისცეს, რადგან ყურადღების ასეთი მოთხოვნილება არაფერია თუ არა, მეტი სიყვარულის მიღების სურვილი.
მოწყვლადობა
მოსიყვარულე მშობელს ესმის, რომ ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება მას მოწყვლადს ხდის და ამის გამო ემპათიას განიცდის. ბევრი მშობელი ბავშვის ასეთ მდგომარეობას პირადი მიზნებისთვის გაუაზრებლად, თუ გააზრებულად იყენებს, რაც შემდგომში უამრავ პრობლემას აჩენს. ჯანსაღი მშობელი რომელიც შვილს მსგავს მდგომარეობაში ხედავს წუხს, რადგან ესმის რამდენად ძნელია მისი შვილისთვის კომუნიკაცია, რამდენად ძნელია მათთვის სახელი დაარქვან იმას რასაც გრძნობენ, რამდენად ცუდია, რომ ერთადერთი რამ რითიც ბავშვებს სიბრაზის გამოხატვა შეუძლიათ ყვირილია. მოსიყვარულე მშობელი ამ პროცესებს ნორმალურად აღიქვამს, რადგან იცის, რომ მისი შვილის მოწყვლადობა იმის ნიშანია, რომ მასში სრულყოფილი, შემდგარი და დამოუკიდებელი ადამიანის პოტენციალია.
პატარა რაღაცები
განვითარებულ მშობლებს ესმით, რომ მათი პატარა შვილების მთელი სამყარო ზრდასრული ადამიანის გაგებით პატარა რაღაცების ირგვლივ ტრიალებს და არსებობს. ახალფეხადგმული ბავშვები იმით არიან ბედნიერი, რომ მათ შეუძლიათ კოვზით საკვები იატაკზე მოისროლონ, ან შემთხვევითი ბგერები ხმამაღლა გამოთქვან, ან უბედურები იყონ იმის გამო, რომ მათ სათამაშოს ღილი მოძვრა, ან მამიკომ მათი კარტოფილი ფრი შეჭამა. კარგ მშობელს ასეთ დროს უნდა ესმოდეს, რომ ასეთი პატარა და ერთი შეხედვით
უმნიშვნელო რაღაცები ბავშვებისთვის მთელი სამყაროა, რადგან მათი სამყაროსეული აღქმა არც თუ ისე დიდი და განვითარებულია. მშობელი რომელსაც ესმის ეს ყველაფერი თავის შვილთან ერთად განიცდის სიხარულს ტელევიზორში გასული ანიმაციით და უბედურებას პლასტმასის სათამაშო ცხოველის შემთხვევით დაზიანებული ფეხის გამო. ამ ყველაფრის გააზრება იმისთვისაა საჭირო, რომ ბავშვებს ხელი შევუწყოთ თანაგრძნობის განვითარებასა და მძიმე სიტუაციებთან გამკლავებაში როცა ისინი უკვე ზრდასრულები იქნებიან.
მიტევება
მოსიყვარულე მშობელს ესმის, რომ ბავშვის ქცევას საუკეთესო ინტერპრეტაცია უნდა მოუძებნოს, რაც სხვა ადამიანებისთვის შეიძლება სულაც გაუგებარი იყოს. მაგალითად, პატარა ბავშვი რომელიც საკუთარი დის, ან ძმის სახლში დაბრუნებით ბრაზდება პრობლემური კი არა, უბრალოდ გაღიზიანებულია; ბავშვი რომელსაც ნაცნობების წრეში ყოფნა დიდად არ მოსწონს ანტისოციალური კი არა, ცვლილებების მოყვარულია და ახალი სტიმული სჭირდება. მსგავსი ტიპის ინტერპრეტაციები მშობლის მხრიდან ბავშვს ეხმარება ღირებულებათა სისტემის ჩამოყალებებასა და სინდისის განცდის განვითარებაში. რაც ყველაზე მნიშვენელოვანია, მშობელი რომელიც მსგავსი ფორმით მიმტევებელია ბავშვს ასწავლის საკუთარი თავის პატიებას და იმას, რომ მარცხის შიში ნორმალურია და მას არ უნდა უფრთხოდე. იმასაც, რომ პატარა შეცდომების გამო საკუთარი თავი არ უნდა აწამო და მათგან რაღაცების სწავლას ეცადო.
ფინანსები
ფინანსური კეთილდღეობა ბავშვის ყოლამდე და მის შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ შესაძლებლობების შექმნასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაში რომელიც ყველა ბავშვს აქვს. მოსიყვარულე მშობელს ესმის, რომ ბავშვთან ერთად არასდროს არ უნდა იწუწუნოს ფულზე, არასდროს არ უნდა დაადანაშაულოს ბავშვი იმაში, რომ უჭირთ, ან პირიქით, იმაში, რომ ბევრი ფულის გამო ზედმეტადაა პრივილეგირებული, რადგან თბილისის გარეთ, სადღაც სამტრედიაში რომელიღაც ნათესავის მეზობლის ბავშვს თვითმფრინავი თვალით არ უნახავს. მოსიყვარულე მშობელი არასდროს ცდილობს, რომ ფინანსური პრობლემებით გამოწვეული დისკომფორტი სიყვარულის გადაჭარბებული და დამახინჯებული აღქმით ჩაანაცვლოს, რადგან ესმის, რომ მსგავსი მიდგომა ბავშვში სიყვარულის განცდას ფულთან აკავშირებს. კარგმა მშობელმა იცის, რომ ფინანსური უნარების განვითარება ბავშვის ქცევის მოდელთანაა კავშირში და მას უნდა დაეხმაროს იმის გააზრებაში, რომ ფინანსური სტაბილურობა დღევანდელ მსოფლიოში ბევრისთვის ცვლადი მდგომარეობაა.
პერფექცია
მოსიყვარულე მშობელს ესმის რომ იგი ბავშვისთვის დისტანციური, შორეული ფიგურა არ უნდა იყოს რომელსაც ბავშვი გააიდეალებს. პირიქით, ჯანსაღ მშობელს ესმის, რომ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მის ირგვლივ იცინოდეს, ბავშვურად იქცეოდეს, შეცდომებს უშვებდეს, რათა ამით საკუთარ შვილს ის აჩვენოს, რომ სრულყოფილი არავინაა და სულაც არაა საჭირო ის, რომ ყოველთვის ყველაფერში მაქსიმალური, იდეალისტური შედეგები გვქონდეს.
უპირობო სიყვარული
უპირობო სიყვარულის განცდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვებში მომავალი მშობლის ფიგურის განვითარებისას. უპირობო სიყვარული მშობელს ეხმარება შვილის უკეთ გაცნობასა და მომავალი სირთულეების დაძლევაში. კარგ მშობელს ესმის, რომ შვილთან ჯანსაღი ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია. მას ესმის, რომ პრობელმა ის კი არაა, რომ მისი შვილი გეი, ტრანსგენდერი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, ან რამე სხვა იდენტობის მატარებელია, არამედ ის, რომ საზოგადოების, ანუ გარე გავლენების გამო მას შეიძლება გაუჭირდეს შვილისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნა. უპირობო სიყვარულის მიღება ბავშვებს ასწავლის იმას, რომ სულაც არაა მიზეზები საჭირო იმისთვი რომ ვინმეს მიმართ რამე კარგს ვგრძნობდეთ და ხშირად, ნამდვილი სიყვარულის განცდა სწორედ უმიზეზოდ გვაქვს.
მოლოდინები
კარგ მშობელს ესმის, რომ ბავშვების დიდი ნაწილი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს იმ მშობლების გამო ივითარებს რომლებიც მათი იმედგამაცრუებელი, უშინაარსო და მოსაწყენი ცხოვრების კომპენსირებას, მათი შვილების ცხოვრებით ცდილობს. ბავშვის დაბადებიდან მალევე, ბევრი მშობელი არაჯანსაღ მოლოდინებს ჯერ კიდევ რამდენიმე დღისა, თუ საათის გაჩენილ ბავშვს თავს ახვევს. კარგ მშობელს ესმის, რომ მისი შვილის ცხოვრება მისი საქმე არაა, ისევე როგორც მისი ცხოვრების დაგეგმვა. კარგ მშობელს ესმის, რომ მისი მთავარი მოვალეობა შვილის სიყვარულითა და იმ უნარებით "მომარაგებაა" რომელიც მას დამოუკიდებელ ადამიანად აქცევს, რომელსაც საკუთარი ცხოვრების წარმართვა თვითონ შეეძლება და 40 წლის ასაკში დედიკოსთან, ან მამიკოსთან სიგარეტის ფულის სათხოვნელად, ან კარტოფილის საჭმელად არ გაიქცევა.
იუმორი
ოჯახში რომელიც შეიძლება ჯანსაღად აღვიქვათ კარგად იციან, რომ არ შეიძლება ადამიანი ბედნიერი უმიზეზოდ იყოს და ასეთ ოჯახებში ყველას ერთგვარად დასწავლილი აქვს ის, რომ რთულ სიტუაციებში იუმორი ყველაზე მეტად გამოსადეგი უნარია. ადრე თუ გვიან მოხდება რაღაც ტრაგიკული, მაგალითად შინაური ცხოველის ცისარტყელაზე წასვლა, ან ორცხობილებითა და ღიმილით შეიარაღებული ბაბუის გარდაცვალება. ასეთ მომენტებთან იუმორით გამკლავება ბავშვებს იმას ასწავლის, რომ მძიმე ამბების გადატანის უამრავი გზა არსებობს და ის ყველასთვის ინდივიდუალურია.
Comments