top of page
Search

არავის ადარდებს

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Mar 18, 2020
  • 4 min read

Updated: Mar 25, 2023

ბევრი ჩვენგანის ცხოვრება იწყება ერთგვარად არაჯანსაღი გამოცდილებით: ჩვენ გარშემორტყმული ვართ ისეთი ხალხით რომლებიც ჩვენზე არანორმალურად დიდი დოზით ღელავენ და როცა ადრეულ ასაკში უცნაური და დამაბნეველი სიზმრებიდან ვიღვიძებთ შეიძლება ვხედავდეთ ორ მომღიმარ სახეს, რომელიც მზრუნველი თვალებით გვაკვირდება. ისინი გვიყურებენ, თუ როგორ ჩამოგვდის ნერწყვი ტუჩებიდან და მზად არიან პირველი წამისას მოგვწმინდონ ის და ეთამაშონ ჩვენს ახლად ამოსულ თმას ისე, თითქოს, რაღაც საოცრებასთან აქვთ საქმე. ჩვენ გვიყურებენ როგორც არაორდინალური შესაძლებლობების მქონეებს, როცა პირველად ვიღიმით და ტაშსაც გვიკრავენ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, ვეცემით, ვხითხითებთ და გაბედულად ვცდილობთ წამოვდგეთ და ჩვენი განვითარება გავაგრძელოთ. ჩვენ მიმართ გამოხატავენ წარმოუდგენლად დიდ აღტაცებას, როცა პირველად ვამბობთ ჩვენსავე სახელს და დიდი ადამიანები რომლებიც ამხელა ყურადღებას გვაქცევენ ცდილობენ, რომ მოტყუებით გვაჭამონ ის საკვები რომელიც სულაც არ მოგვწონს. გვაკვირდებიან როცა გვეშინია და ცდილობენ, გაიგონ რა შეიძლება გვაწუხებდეს.

ეს ყველაფერი მხოლოდ მშობლებთან არ ხდება. თუ სკოლასა და მასწავლებელში გაგვიმართლა, რაიმე სირთულის აღმოჩენისას წახალისებას ვიღებთ, ან ბებიასთან ვიზიტისას განსაკუთრებულ მზრუნველობასა და მოპყრობას, ან იმ ისტორიებს საოჯახო ფოტო ალბომიდან რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი არსებობა ბებიისთვის ყველაზე მთავარია და მან ცხოვრება ჩვენი გაჩენის შემდეგ, ერთგვარად შეწყვიტა. საქმე მხოლოდ ახლობლებში არაა. ის ფაქტი, რომ ბავშვობაში ლამაზად გამოწყობილები დიდი ლოყებით ქუჩაში მივდივართ, ყურადღებას ვიპყრობთ და გვესმის, თუ როგორი საყვარლები ვართ ბევრ ჩვენგანს იგივეს განცდის მოლოდინს ბავშვობის შემდეგაც გვიჩენს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრდებით და გვიწევს საშინელ რეალობასთან შეჯახება: ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც ყველაფრის მიმართ ინდიფერენტულია. მათ შორის იმის მიმართაც, თუ რას ვაკეთებთ, ვამბობთ, მოგვწონს და ა.შ. ჩვენ შეიძლება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვისხდეთ, ან სახლისკენ მიმავალ ავტობუსში როცა ვხვდებით, თუ რამდენად დიდი მასშტაბის ინდიფერენტულობასთან გვაქვს საქმე. არავინ იმ ადამიანებიდან რომელსაც გვერდს ჩავუვლით ქუჩაში არ იცის ვინ ვართ. ჩვენი კარგად ყოფნა მათ არ ადარდებთ და ისინი გვხედავენ როგორც უბრალო გამვლელს, ან სილუეტს. ჩვენ ძალიან პატარები ვართ იმ შენობებთან მიმართებით, რომელსაც გვერდს ჩავუვლით ხოლმე, ან იმ ბილბორდების გვერდით რომლებიც მორიგ პროდუქტს გვთავაზობენ ბედნიერებისთვის და ალბათ, ყველა ჩვენგანის თავში გაიელვებს ის აზრი, რომ შეიძლება ისე მოვკვდეთ, რომ აღარასდროს მოგვწმინდონ ნერწყვი, ან თავზე გადაგვისვან ხელი.

ეს მოცემულობა შეიძლება უსიამოვნო იყოს და არის კიდეც, თუმცა მის ნეგატიურ მხარეზე კონცენტრირებით მას კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვამთ. ჩვენ ერთგვარად ვგლოვობთ ასეთ მდგომარეობას, თუმცა ამით თავს ვარიდებთ მის ფილოსოფიურ ნაწილს რომელიც საკუთარი თავის შეცნობას უკავშირდება.

თუმცა ჩვენ ასევე გვიჭირს იმ ფაქტის მიღება, თუ რამდენად ინდიფერენტულ გარემოში ვცხოვრობთ რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ გვგონია, რომ ყველა ჩვენზე ფიქრობს. ხანდახან ის აზრი არ გვასვენებს, რომ უცნაურად ვჟღერდით იმ მიმტანისთვის რომელსაც ყავა ვთხოვეთ, ან ბანკში კრედიტის დასაფარად მისულს დასვრილი ფეხსაცმელი ყველამ შეგვნიშნა. ან მაშინ, როცა კაფეში მარტო ვსხედვართ გვგონია, რომ ყველა იმაზე ფიქრობს, თუ რატომ არ გვყავს მეგობრები. ან ის, რომ სამსახურში ერთი თვის წინ ნათქვამი სისულელე დღემდე ყველას ახსოვს და კაცი, ან ქალი, რომელთანაც რამდენიმე წლის წინ სექსი გვქონდა, დღემდე ჩვენზე ფიქრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთ ზემოთ ხსენებულ ფრაზას ვერაფრით დავამტკიცებთ ჩვენივე ინტუიცია გვკარნახობს, რომ მთელი მსოფლიო ამჩნევს იმას, რომ მაისური გაგვეხა, ან ნორმალურები არ ვართ. „მათ“ შეუძლიათ შენინშონ, რომ ხანდახან რბილ „ლ“-ს ვამბობთ და იაფფასიან ამბებს ვკითხულობთ.

მსგავსი ფიქრებისგან გათავისუფლება ერთგვარი სავარჯიშოთი შეიძლება რომელიც იმაზე დაკვირვებას მოიაზრებს, თუ რამდენად დიდ დროს ვატარებთ სხვების სულელურ ფრაზებზე, ან გახეულ მაისურზე ფიქრში? მსგავსი დაკვირვებები წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, რომ დარჩენილი სამყაროსთვის ჩვენც ერთი უცნობი ვართ რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში უბრალოდ გადარჩენას ცდილობს.

წარმოიდგინეთ სიტუაცია რომელშიც ლიფტში ხართ ვიღაც უცნობთან ერთად რომელმაც ზუსტად იცის, რომ ჟაკეტი რომელიც მას აცვია, არ მოგწონთ და თქვენს თვალში ის სასაცილოა და ფიქრობთ, რომ სხვა რამ უნდა ჩაეცვა -სინამდვილეში კი თქვენ ამ დროს შეიძლება იმაზე ფიქრობდეთ, თუ როგორი უმნიშვნელო რეაქცია ჰქონდა თქვენს შეყვარებულს იმ საჩუქარზე რომლის შერჩევაზეც დიდი დრო დაახარჯეთ და სულაც არ შეგიმჩნევიათ უცხო ადამიანის გარეგნობა.

ან სიტუაცია სადაც ყავის რიგში ვიღაცის შუბლზე იარა შენიშნეთ და რომელსაც ჰგონია, რომ ფიქრობთ, რომ მას იარა ძალადობის შედეგად აქვს მიღებული, როცა სინამდვილეში ველოსიპედიდან ჩამოვარდა ერთი თვის წინ და თქვენ ამ დროს თქვენს უფროსზე ფიქრობთ რომელმაც ახალი დავალება მოგცათ.

წვეულებაზე, სადაც ნაცნობი გიყვებათ თუ როგორ დაშორდა შეყვარებულს, თქვენ ისეთ სახეს იღებთ, თითქოს გადარდებთ მის თავს დამტყდარი ტრაგედია, როცა სინამდვილეში ერთი სული გაქვთ როდის მოწევთ სიგარეტს და იმ სიმღერას შეცვლით რომელიც სულაც არ მოგწონთ.

1560-იან წლებში პიტერ ბრეიგელმა დახატა „იკარუსის დაცემა“ რომელიც ახლა ბრიუსელში Musee des Beaux-Arts-შია განთავსებული. ნახატი სასიკვდილოდ განწირული მითოლოგიური ფიგურის ბოლო წუთებს ასახავს. ერთი შეხედვით ტილოზე გადატანილ ამბავში არაფერი ტრაგიკული არ ხდება. მზე ანათებს, ვიღაც მიწას ამუშავებს, ნავები დაცურავენ, შორს ქალაქში სიცოცხლე ჩქეფს და ძალიან უნდა მოინდომო რომ ტილოს კუთხეში დაინახო იკარუსი, რომელიც იხრჩობა და რომლის მდგომარეობაზეც არავინ არაფერი იცის. ასეთი ამბავი ცუდიცაა და კარგიც. ცუდი ისაა, რომ შეიძლება იკარუსის შემთხვევის მსგავსად ვერავინ შენინშოს როცა მოვკვდებით, თუმცა კარგი ისაა, რომ ასევე ვერავინ ამჩნევს და არავის ადარდებს ის, როცა წყალს შემთხვევით დავღვრით, ან ტალახში ფეხს ჩავდგამთ, ან მელნით დავისვრით თითებს.

საქმე იმაში არაა, რომ ჩვენ ან სხვები ცუდები არიან. არამედ იმაში, რომ ჩვენ სელექციურად ემპათიურები ვართ. მაგალითად, თუ შევხედავთ რომ ვინმე იხრჩობა, დახმარების ხელს გავუწვდით, მაგრამ ყოველდღიურ სიტუაციებში ჩვენი ენერგია და შემართება, ჩვენივე მიზნებისთვისა და ბედნიერებისთვის გვჭირდება. ამ მიზეზით ჩვენში არსებული ერთგვარი სოციალური ფილტრები, აბსოლუტურად ჯანსაღია. მას შემდეგ რაც ჩვენ იმას გავიაზრებთ, რომ დედამიწაზე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მცირდება, ბევრი დღესასწაული მოდის, ახლობლები გვყვას რომლებსაც უნდა მივხედოთ, კარიერა გვაქვს, პასუხისმგებლობები და ა.შ, ცოტა დრო დაგვრჩება იმისთვის, რომ სხვების დასვრილი ფეხსაცმელი შევნიშნოთ, რამეთუ მასზე ვიფიქროთ, ან ვიდარდოთ.

ჩვენ საკმარისად დიდი ტრაგედია გაგვაჩნია ჩვენსავე თავთან რომელიც ჩვენი დაბადებითაა გამოწვეული და ამას თუ კიდევ იმაზე დარდს დავუმატებთ, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე, საკუთარ თავს უბრალოდ გადავღლით და მოკლე ცხოვრების დიდ ნაწილს შფოთვასა და შიშში გავატარებთ. აჯობებს, რომ სამყაროს და სხვების ინდიფერენტულობაზე დარდს, ამ მოცემულობის მიღება ვცადოთ და ვისწავლოთ მისი კარგი და ცუდი მხარეების დანახვა, რათა ჩვენივე მიზნები მივაღწიოთ და ცხოვრებისგან ყველაფერი საუკეთესო მივიღოთ.

 
 
 

Kommentare


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page