ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ როცა სახლიდან წავა ოჯახს, ოჯახურ პრობლემებსა და ბავშვობის უსიამოვნო ნაწილს უკან მოიტოვებს. თუმცა უმრავლეს შემთხვევებში საპირისპირო სურათს ვიღებთ და ზრდასრულ პერიოდშიც კი იგივე გრძნობებს განვიცდით, იგივენაირად ვაზროვნებთ და იმავენაირად ვმოქმედებთ როგორადაც ადრე, იმ ოჯახში რომელსაც გამოვექეცით და მთელი ცხოვრება გავურბივართ. იდეალურ შემთხვევაში ბავშვი ისეთ ოჯახში უნდა გაიზარდოს, სადაც მისი განათლება, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, პიროვნული განვითარება მნიშვნელოვანია და სადაც მას ღირებულად ყოფნის განცდა აქვს. სამწუხაროდ, ბევრი ოჯახი ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, რის გამოც ასეთ გარემოში გაზრდილ ადამიანებს უჭირთ ჯანსაღი და ფუნქციური ურთიერთობების შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. უფრო მეტიც, მსგავს გარემოში გაზრდილ ადამიანებს ახასიათებთ დაბალი თვითშეფასება, ემოციების განცდისა, თუ გამოხატვის პრობლემები და იმის შეგრძნება რომ მათი სურვილები, მიზნები მნიშვნელოვანი სულაც არაა, რის გამო მთელი ცხოვრების მანძილზე უამრავ სირთულეებს აწყდებიან.

დისფუნქციური ოჯახების ტიპები
არსებობს სხვადასხვა ტიპის სცენარი, რომელიც სხვადასხვა ტიპის დისფუნქციურ ოჯახს აღწერს:
-ერთ-ერთ, ან ორივე მშობელს აქვს ნივთიერებაზე დამოკიდებულების პრობლემა. მაგალითად, ალკოჰოლზე, ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემა;
-ერთ-ერთი, ან ორივე მშობელი ბავშვზე კონტროლის მოსაპოვებლად ძალადობრივ გზებს იყენებს. მაგალითად, ბავშვის ცემა, დაშინება, ან რომელიმე შვილის, მეორე შვილის ამ ფორმით დასჯაში იძულებითი მონაწილეობა;
-ერთ-ერთი, ან ორივე მშობლის მხრიდან ისეთი ქცევის გამოვლენა როდესაც ბავშვს პირადი მიზნების მისაღწევად იყენებენ;
-მშობლები ვერ ახერხებენ ბავშვის ძირითადი და საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაშიც მოიაზრება ფინანსური და ემოციური საჭიროებები;
-ოჯახის მხრიდან ბავშვზე ზეწოლა, რაც გამოიხატება არარეალური მოლოდინების ქონაში, ბავშვზე მუდმივი კონტროლის ქონის მცდელობასა და მასზე ოჯახის რელიგიური, თუ ზოგადი შეხედულებების თავსმოხვევა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რეპროდუქცია, კარიერა, თვითგამოხატვა, სექსუალობა, იდენტობა და ა.შ;
-ოჯახის მხრიდან სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხებისადმი მკაცრი დამოკიდებულება. ბავშვის გენდერული იდენტობის დაკნინება და სექსუალური ორიენტაციის უარყოფა და "განკურნების" მცდელობები;
-ერთ-ერთი, ან ორივე მშობლის მხრიდან ბავშვზე რაიმე ტიპის სექსუალური ძალადობის მცდელობა. მათ შორისაა ბავშვის ინტიმური ფოტოების ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნება, ან მცირე ასაკში სექსუალური ქმედებების წახალისება ("ქალებში წაყვანა").

დისფუნქციური ურთიერთობების გამოვლენის უამრავი ნიშანი არსებობს რომელთა შენიშვნა მარტივი დაკვირვებითაა შესაძლებელი:
-ბავშვი იძულებული ხდება რომელიმე მშობლის მხარე დაიჭიროს;
-რეალობის ცვლილების განცდა, როდესაც ბავშვი კარგავს რეალობის აღქმის უნარს იმის გამო, რომ ერთ-ერთი, ან რომელიმე მშობელი მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს ბავშვთან, ან მის გასაგონად უარყოფს;
-ბავშვის დაიგნორება, უარყოფა, გარიყვა და ექსპლუატაცია;
-ისეთი მშობლების ყოლა რომლებიც ზედმეტად ერევიან ბავშვის პირად სივრცეში და გადაჭარბებულად ცდილობენ მის დაცვას ხშირად ირაციონალური შიშების გამო;
-მკაცრი წესების მუდმივი დაწესება და მკაცრი კონტროლი იმის შესახებ, თუ როდის უნდა დაბრუნდეს ბავშვი სახლში (10 წუთით დაგვიანების გამო ბავშვის დასჯა), ვისთან იმეგობროს და როგორი გრაფიკი უნდა ჰქონდეს;
-ისეთი მშობლების ყოლა რომლებიც შვილთან ახლოს არ არიან და მათგან მუდმივად დისტანცირდებიან;
-უარყოფისა და პრეფერენციული მოპყრობის განცდა;
-მშობლებისთვის არასასურველ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის აკრძალვა;
-ნარკოტიკული, თუ ალკოჰოლური საშუალებების გამოყენების წახალისება;
-სახლიდან რამდენიმე საათით, ან დღით გამოგდება;
-ფიზიკური ძალადობის გამოცდილება.
რა პრობლემებს იწვევს ასეთ გარემოში გაზრდა
როცა ბავშვობაში ვიღაც მუდმივ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სხვა ტიპის ზეწოლას განიცდის მისი განვითარების პროცესი ფერხდება. მსგავსი გამოცდილებების მქონე ზრდასრული ადამიანები გამოირჩევიან სამყაროს, სხვა ადამიანებისა და საკუთარი თავის უნდობლობით. ამას გარდა დისფუნქციურ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს ხშირად აქვთ დაბალი თვითშეფასების პრობლემა და ასევე, აკადემიურ მოსწრებასთან, კარიერულ წინსვლასთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
ასევე უნდა აღინიშნოს შემდეგი: ბევრი ზრდასრული ადამიანი რომლის ოჯახური სიტუაცია მძიმე და გამოწვევებით სავსე იყო, მსგავს ოჯახურ სიტუაციას ნორმალურად აღიქვამს და უჭირს იმის გააზრება, რომ მისი წარსულის უარყოფაშია, რაც ტრავმების გადააზრების და დაძლევის პრობლემას ქმნის. ხშირად ზრდასრულ ასაკში ბავშობაში ნაცნობი ქცევის მიმიკირება ხდება და მსგავსი გამოცდილებების მქონე ადამიანებთან ცხოვრებისეული მომენტების დაკავშირება, რაც სიტუაციას უფრო ამძაფრებს. დისფუნქციურ ოჯახებში გაზრდილ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ რომანტიკული ურთიერთობები კამათის, ზეწოლის, საგმირო საქმეების გარეშე არ არსებობს, რადგან ხშირად, მათი მშობლები ყოველივე ამის ჩვენებით იყვნენ დაკავებული.

ცვლილებები
დისფუნქციურ ოჯახში გაზრდილ ადამიანებს თითქოს ერთგვარი როლი აქვთ, რომლისგან განთავისუფლების ნებართვას მშობლებისგან ელოდებიან. მშობლებისგან რომლებსაც ეშინიათ მცირედი ცვლილებისაც კი და შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ადამიანში იმის გააზრებით იწყება, რომ ნებართვა საკუთარი თავიდან უნდა წამოვიდეს. სურვილები, რომ წარსული ნამდვილად უკან მოვიტოვოთ არა მისი დავიწყების გზით, არამედ მისი გადააზრებით, ადამიანისგან უნდა გაჩნდეს. არსებობს რამდენიმე რამ, რისი ცდაც ინდივიდს დაეხმარება ამ სიმძიმისგან გათავისუფლების დაწყებაში:
-მტკივნეული და რთული გამოცდილებების იდენტიფიცირებ რომელიც ბავშვობაში მოხდა;
-იმის ჩამოწერა (როცა ხელით ვწერთ, ამ დროს ადამიანის მოტორული უნარები აქტიურდება), თუ რა ტიპის ქცევებისგან, აზრებისა და ჩვევებისგან სურს ადამიანს გათავისუფლდეს;
-სიიდან ერთ-ერთი ნიშნის ამორჩევა და მასზე მუშობის დაწყება, რათა ახალი ქცევის დასწავლა მოხდეს.
მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარტო ამ ყველაფერზე მუშაობა შესაძლებელია, ბევრად უფრო მარტივი და ეფექტურია როცა ეს ყველაფერი თერაპიის საშუალებით ხდება. მათ შორის ჯგუფური თერაპიის, როდესაც ინდივიდუალური თერაპიისგან განსხვავებით ადამიანს საშუალება ეძლევა ემპათიის უნარზეც იმუშაოს. ასევე მნიშვნელოვანია:
-პერფექციული დამოკიდებულების ქონის შეწყვეტა საკუთარი თავის მიმართ;
-იმის გააზრება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ადამიანების ცხოვრებაზე გვქონდეს კონტროლი და მათი ცხოვრება ჩვენ შევცვალოთ;
-„არა“-ს თქმის სწავლა. როცა ხვდებით, რომ არანაირი სურვილი არ გაქვთ იმის რომ თქვენს მშობლებს, ან სხვა ოჯახის წევრებს დღესასწაულებზე ესტუმროთ, რადგან ამ ვიზიტს უამრავი უსიამოვნო განცდა მოყვება თან, თქვით არა;
რამდენადაც კონტრავერსულად, ეგოისტურად და არაჯანსაღად უნდა ჯღერდეს, არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ისეთი ადამიანებისადმი რომლებმაც დაგვაზიანეს, თუნდაც გაუაზრებლად და რომლებიც მუდმივად გვტკენენ. თუნდაც ეს ადამიანები მშობლები იყვნენ, რადგან არ შეიძლება რომ ერთადერთი სიცოცხლე რომელიც გვაქვს, სხვა ადამიანების ინტერესებს, დამოკიდებულებებსა და აზრებს შევწიროთ ისე, რომ მთელი ცხოვრება ისე გავატაროთ, რომ არ ვიცოდეთ ვინ ვართ. დისფუნქციური ოჯახის ტვირთისგან გათავისუფლებით ადამიანის ერთგვარი მეტამორფოზა იწყება რომელიც მის ემპათიურ, მზრუნველ და სრულფასოვან ინდივიდად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ძლიერ და დამოუკიდებელ პიროვნებად აქცევს მას.
Commentaires