top of page
Search

ნარკოდამოკიდებულება

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Mar 1, 2020
  • 5 min read

Updated: Jan 15, 2023

ნარკოდამოკიდებულება ასევე ცნობილი როგორც სუბსტანციური დამოკიდებულების აშლილობა არის დაავადება, რომელიც ადამიანის ქცევასა და ტვინზე ახდენს გავლენას და ინდივიდს აკარგვინებს იმის უნარს, რომ შესაბამისი ლეგალური, თუ არალეგალური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები აკონტროლოს. ასეთ ნივთიერებებად თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ალკოჰოლი, ნიკოტინი და მარიხუანა. როცა რომელიმე ნივთიერებაზე დამოკიდებულება გვიჩნდება კონტროლს ვკარგავთ და გვიჭირს მის მოხმარებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება საკუთარი თავისთვის მიუხედავად იმისა, რომ ვიცით რამდენად ცუდი შეიძლება იყოს ის ჩვენთვის.

ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბება და განვითარება შეიძლება დაიწყოს მისი ერთჯერადი მოხმარებით სოციალურ, თუ სხვა ტიპის სიტუაციაში. რისკი იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გახდეთ რაიმე ნივთირებაზე დამოკიდებული, ან რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს დამოკიდებულება, დაკავშირებულია ნივთიერებასთან.

დროის გასვლასთან ერთად დოზის ზრდის მოთხოვნილებაც ჩნდება, რადგან საწყის ეტაპზე მიღებული დოზა აღარაა საკმარისი იმისთვის, რომ ე.წ „კაიფის“ ეფექტი იქნას მიღწეული. ამასთანავე, ნარკომოხმარების შეწყვეტის მცდელობას თან შეიძლება ახლდეს ფიზიკური ტკივილი და დისკომფორტი, ემოციური სტრესი და ძლიერი მოთხოვნილება იმისა, რომ მიიღოთ ის ნივთიერება რომლისთვისაც თავის დანებებას ცდილობთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია შესაბამისი დახმარების მოძიება და ოჯახისა და საყვარელი ადამიანების არსებობის შემთხვევაში მათი მხარდაჭერა.


სიმპტომები:

-ისეთი შეგრძნება, რომ რომელიმე ნარკოტიკული საშუალება რეგულარულად უნდა გამოიყენოთ, ხანდახან რამდენჯერმე დღეში;

-ნარკოტიკული საშუალების გამოყენების დაუძლეველი სურვილი, რომელიც სხვა ფიქრების ქონის საშუალებას არ გაძლევთ;

-დროთა განმავლობაში დოზის გაზრდის აუცილებლობა;

-ნარკოტიკული საშუალების დიდი დოზით მოხმარება დიდი დროის მანძილზე;

-ნარკოტიკული საშულების ყიდვა იმის მიუხედავად, რომ ამის სახსრები არ გაქვთ;

-სამსახურეობრივი, ან სხვა ტიპის მოვალეობებიდან თავის არიდება, რათა რომელიმე ნივთიერება მიიღოთ;

-ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გაგრძელება მიუხედავად იმისა, რომ იცით, რამდენად საზიანოა ის თქვენთვის;

-ისეთი რაღაცების გაკეთება ნარკოტიკის მისაღებად, რასაც აქამდე არასდროს აკეთებდით. მაგალითად, რაღაცების მოპარვა;

-მანქანის მართვა, ან სხვა ტიპის სარისკო ქმედებები რომელიმე ნივთიერების გავლენის ქვეშ;

-მოხმარების შეწყვეტის წარუმატებელი მცდელობები;

-ე.წ „საპასუხო“ სიმპტომების განცდა სხეულის მხრიდან, როცა თავის დანებებას ცდილობთ.


ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებული პრობლემის შემჩნევა ოჯახის წევრებში


არსებობს რამდენიმე ფაქტორი რაზე დაკვირვებითაც შესაძლოა მივხვდეთ, რომ ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრს, ან მეგობარს პრობლემა აქვს და დახმარება სჭირდება:

პრობლემები სკოლასა და სამსახურში - ხშირი გაცდენები; მოულოდნელად ინტერესის დაკარგვა და აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები - ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობა; წონაში კლება, ან მატება; ჩაწითლებული თვალები; გადაღლილ მდგომარეობაში ყოფნა;


ქცევითი ცვლილებები - გადაჭარბებული მცდელობები იმის შესახებ, რომ რომელიმე ოჯახის წევრი ოთახში არ შევიდეს; იმ ლოკაციების გასაიდუმლოება, თუ სად დადის მეგობრებთან ერთად თქვენი ახლობელი; მოულოდნელი და მკვეთრად შესამჩნევი ცვლილებები ქცევაში; ტანსცმლისა და ჩაცმულობის მიმართ ინტერესის დაკარგვა.

ფინანსური პრობლემები - ფულთან დაკავშირებული გახშირებული თხოვნები; იმის შენიშვნა, რომ ფული სახლიდან ქრება; ნივთების გაუჩინარება და ვალები;


როდის უნდა ვნახოთ შესაბამისი პროფესიონალი?


ცხოვრებაში ერთხელ რაიმე ტიპის ნარკოტიკულ საშუალებას ყველა მოვიხმართ. რეკრეაციული ტიპის ნარკოტიკების გამოყენება საკმაოდ ხშირია და საცხოვრებელი ადგილის მიუხედვით სხვადასხვა ტიპის ნივთიერებაზე წვდომის სიმარტივე განსხვავებულია. თუ ისე მოხდა რომ რომელიმე ნივთიერებასთან დაკავშირებით შემდეგი ტიპის პრობლემებს განვიცდით, მნიშვნელოვანია დახმარება მოვიძიოთ:

-რომელიმე ნივთიერების მოხმარების შეწყვეტასთან დაკავშირებული პრობლემები;

-ზიანის მიუხედავად ნარკოტიკების მოხმარების გაგრძელება;

-სხვადასხვა ტიპის სარისკო სიტუაციაში ყოფნის გამოცდილება, რაც ნარკოტიკების მოხმარებითაა გამოწვეული;

-თუ განიცდით სხეულის მხრიდან ერთგვარ უკურეაქციას, როცა მოხმარების შეწყვეტის მცდელობა გაქვთ.


თუ თვლით რომ ჯერ მზად არ ხართ შესაბამისი დახმარების მისაღებად, ეცადეთ ვინმეს გაესაუბროთ და პრობლემებზე ლაპარაკი დაიწყოთ. იპოვნოთ ადამიანი რომელმაც მსგავსი პრობლემა უკვე გადალახა და მოგისმენთ. ან ისეთი სივრცეები, სადაც მოგისმენენ და უსაფრთხოების განცდა გექნებათ (მაგალითად, ანონიმური ჯგუფები, ან ჩვენი დახურული ჯგუფი).

როდის უნდა მივიღოთ გადაუდებელი დახმარება?


-ოვერდოზირების შემთხვევაში;

-გართულებული სუთქვისას;

-კრუნჩხვებში ჩავარდნის შემთხვევაში;

-შესაძლო გულის შეტევის საშიშროების არსებობისას; გულ-მკერდის არეში ძლიერი ტკივილების ქონისას;

-რომელიმე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებით გამოწვეული ძლიერი უკურეაქციისას.


როგორ დავიწყოთ ახლობელი ადამიანის პრობლემის გადაჭრა?

ადამიანებს რომლებსაც ნარკოდამოკიდებულების პრობლემა აქვთ ხშირად უარყოფენ მას და შესაბამის სერვისებზე უარს ამბობენ. შესაბამისი „ჩარევა“ სწორედ ამ დროს ხდება მნიშვნელოვანი ისეთი ადამიანის მიერ რომლის მიმართაც არსებობს ერთგვარი ნდობა და დადებითი დამოკიდებულება, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ტიპის გართულებები. ხშირად, სწორედ

მსგავსი ტიპის ემოციური კავშირის გამო რთულია სწორი მიდგომის შერჩევა რის გამოც მნიშვნელოვანია პროფესიონალ ექიმს, ან ფსიქოთერაპევტს მივმართოთ და მათთან ერთად დავგეგმოთ, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ჩარევა საყვარელი და ახლობელი ადამიანის ცხოვრების ამ ნაწილში. ნებისმიერი სხვა პრობლემის არსებობის მსგავსად მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა, კრიტიკისა და განსჯისგან დაცლილი მიდგომა და იმაზე ხაგზასმა, რომ ნამდვილად გვადარდებს საყვარელი ადამიანის ბედი.


რა იწვევს ნარკოდამოკიდებულებას

ნებისმიერი სხვა ტიპის მენტალური აშლილობის გამოწმევევი ფაქტორების მსგავსად, ვაწყდებით ორი ტიპის მთავარ მიზეზს: გარემო და გენეტიკურ ფაქტორებს.

გარემო ფაქტორები: მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი რომელიც ერთგვარად „არასასურველი რეალობის“ განცდას ქმნის; მოძალადე ოჯახი, ან ძალადობრივი გარემო; სამეგობრო წრე რომელიც ნარკოდამოკიდებულია; უსახლკარობა და სხვა.

გენეტიკური ფაქტორები: თუ ადამიანი გენეტიკურად მიდრეკილია ედიქციისკენ, მას უფრო მაღალი შანსი აქვს, რომ რომელიმე ნივთიერების მოხმარების მიმართ ადვილად განუვითარდეს დამოკიდებულება.


ცვლილებები ტვინში

ფიზიკური დამოკიდებულების ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება ტვინის სტრუქტურის ცვლილებებია. კერძოდ, ნარკოდამოკიდებული ადამიანების უდიდესი ნაწილი განიცდის სიამოვნების განცდის გზების ცვლილებას. ეს ფაქტი უკავშირდება ჩვენს ტვინში არსებული ნერვული უჯრედების, უფრო კონკრეტულად კი ნეირონების სტრუქტურულ ცვლილებას. ნეირონები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ იყენებენ ნივთიერებას სახელად, ნეიროტრანზმიტებს. კომუნიკაციის ეს პროცესი კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის ქონისას იცვლება და მისი მოხმარების შემდეგაც დიდი ხანია საჭირო მათი ჯანსაღი ფუქნციონირების სრულ, ან ნაწილობრიც აღდგენამდე.


რისკ ფაქტორები:

ოჯახის ისტორია ნარკოდამოკიდებულების პრობლემის მიმართ - ოჯახის რომელიმე წევრის მხრიდან ამ პრობლემასთან დაკავშირებული გამოცდილების ქონა ერთ-ერთი რისკ ფაქტორი შეიძლება იყოს. მაგალითად, თუ რომელიმე მშობელს ეს პრობლემა აწუხებს, ან აწუხებდა, ეს ფაქტი შეიძლება გენეტიკური ცვლილებების საბაბი გახდეს და შემდგომში ოჯახის ახალ წევრებზე ჰქონდეს გავლენა.

მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები - თუ დეპრესია, ყურადღებისა და კონცენტრაციის ნაკლებობის პრობლემა, ან პოსტ ტრავმული სტრესის აშლილობა გაქვთ დიდი შანსია, რომ ნარკოტიკებთან „დამეგობრების“ საშიშროება გქონდეთ. ბევრი ადამიანი ნარკოტიკებს ამ მდგომარეობებთან გასამკლავებლად იყენებს, რაც შემდგომში ედექციურ ქცევაში გადაიზრდება ხოლმე.

თანატოლთა გავლენა - სამეგობრო წრე, რომელსაც შეიძლება ჩვენზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს მარტივად გადაიქცევა ხოლმე წინაპირობად შემდგომში სერიოზული პრობლემების განვითარებისთვის.

ოჯახში არსებული პრობლემები - ოჯახთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა: ოჯახიდან გარიყვა(ხშირია ლგბტქ+ თემის წევრების მიმართ); ძალადობრივი გარემო; ფინანსური პრობლემებ ხშირად ბევრ ადამიანს უბიძგებს ნარკოტიკების მოხმარებისკენ.

შესაძლო გართულებები


ნარკოტიკების მოხმარებას თან ახლავს შესამჩნევი მოკლე, თუ გრძელვადიანი შედეგები. სხვადასხვა ნივთიერების დიდი დოზით მოხმარება, ან სხვა ნივთიერებასთან შერევა დიდი რისკის შემცველი ქმედებაა რომელსაც შეიძლება თან ახლდეს შემდეგი გართულებები:

-სხვადასხვა ტიპის დაავადების მიმართ მოწყვლადობა - კონკრეტული ნივთიერების მოხმარებისას ხშირია საერთო ნემსისა და ნივთების გამოყენება, რომელსაც ერთი ადამიანის სისხლთან შეიძლება ჰქონდეს შეხება და ის ხშირად სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე ჯგუფურად გამოიყენება, რასაც თან შეიძლება ახლდეს HIV-ისა და სხვა ტიპის ვირუსების მიმართ მოწყვლადობა;

-ჯანმრთელობის პრობლემები - არსებობს უამრავი მოკლე, თუ გრძელვადიანი პრობლემები რაც შეიძლება სხვადასხვა ნივთიერების გამოყენებას ახლდეს თან. მაგალითად, დეჰიდრატაცია, ან გულის შეტევა;

-უბედური შემთხვევები - ადამიანები რომლებსაც ედიქციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ხშირად მართავენ მანქანას, ან კავდებიან ისეთი ტიპის აქტივობებით რომელსაც თან ახლავს სასიცოცხლო რისკები;

-სუიციდი - ადამიანები რომლებსაც ნარკოდამოკიდებულების პრობლემა აქვთ, სუიციდის მაღალი რისკის ქვეშ არიან;

-ურთიერთობითი პრობლემები - ურთიერთობების ხარისხის გაუარესება; საყვარელი ადამიანების დაკარგვა; ურთიერთობების დაძაბვა, ან გაურესება; ოჯახიდან გამოგდებისა და გარიყვის მაღალი რისკი;

-სამსახურეობრივი პრობლემები - სამსახურის ხშირი გაცდენა და ინტერესის დაკარგვა. კარიერული განვითარების შეფერხება და შემდგომში ფინანსური პრობლემების გაჩენის მაღალი რისკი;

-განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები - სტუდენტებში არც ისე იშვიათია ნარკომოხმარებისა და დამოკიდებულების პრობლემა, რაც აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს, რასაც თან ახლავს გრძელვადიანი რისკები და შედეგები;

პრობლემები კანონთან - მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ნარკოტიკების უდიდესი ნაწილი არალეგალურია. საქართველო რამდენადაც აბსურდულად არ უნდა ჯღერდეს, ციხეში სვამს ნარკომომხმარებლებს, ან მაღალ ადმინისტრაციულ ჯარიმას უწესებს მათ რაც პრობლემის ესკალაციას იწვევს. შესაბამისად, ადამაინი რომელსაც ედიქციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს შესაძლოა, ვერ იაზრებდეს ნარკოტიკის შეძენასთან დაკავშირებულ რისკებს, რის გამოც მარტივად მოხვდება ციხეში.


პრევენცია

უკვე აღვნიშნეთ და ვისაუბრეთ იმ ფაქტორებზე, რაც ნარკოდამოკიდებულებას იწვევს. რაც შეეხება მის პრევენციას, ის პირდაპირ კავშირშია ჯანსაღი გარემოს შექმნასთან და მის შენარჩუნებასთან. სამწუხაროდ, როცა ოჯახების დიდი ნაწილი სამსახურის გარეშე არსებობს, რამეთუ ცხოვრობს, რამდენიმე თაობა ერთ სახლშია და ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ აქტიურად შემფასებლურ სივრცეებში ვცხოვრობთ, ძნელია, რომ ჯანსაღი გარემო და პირობები შეიქმნა. ამას ემატება მძიმე სოციალური ფონი რაც საერთო ჯამში ქმნის ისეთ სურათს რომლისგან გაქცევა თუნდაც ნარკოტიკული საშუალებებით, ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კონტროლი და იმის ცოდნა, თუ რას ვიღებთ. არავის აქვს იმის ილუზია, რომ რომელიმე შაბათ-კვირას რომელიმე ნივთიერებას ჩვენი უმრავლესობა არ იღებს და იყენებს. უბრალოდ, მნიშვნელოვანია რომ ვაკონტროლოთ დოზა, მიღების სიხშირე და მოვუსმინოთ ჩვენს სხეულს. ნარკოდამოკიდებულების პრევენციისთვის აუცილებელია რამდენიმე მნიშნელოვან ფაქტორზე მუშაობა:


კომუნიკაცია: ესაუბრეთ თქვენს შვილებს, საყვარელ ადამიანებს და მოიპოვეთ მათი ნდობა. აგრძნობინეთ, რომ ისინი უპირობოდ გიყვართ და მიეცით მათ იმის საშუალება, რომ თავიანთი თავები გამოხატონ;

-მოუსმინეთ: ადამიანებს თქვენ ირგვლივ და ეცადეთ, რომ არ იყოთ ინდიფერენტულები სხვადასხვა პრობლემის მიმართ;

-განათლება: შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ნარკოდამოკიდებულების პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page