პოსტ-ტრავმული სტრესის აშლილობა (პტსა)
- სიზიფეს მიმი
- Mar 1, 2020
- 3 min read
Updated: Jan 22, 2023
წარმოადგენს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას რომელიც გამოწვეულია მძაფრად სახიფათო, საშიში და ნეგატიური შემთხვევის საკუთარ თავზე გამოცდით, ან ხილვით. მას თან ახლავს მძიმე პანიკური შეტევები, შფოთვითი აშლილობის ფორმები და მომხდარზე უკონტროლო და შეუჩერებელი ფიქრი.
ადამიანების დიდი ნაწილი რომელიც რაიმე ტრავმულ გამოცდილებას იღებს ხასიათდება დროებითი შეუგუებლობისა და გამკლავების პრობლემით, რომელიც თავზე ზრუნვით უმჯობესდება და ჩვეულებრივ მოგონებად გადაიქცევა ხოლმე. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა მსგავსი გამოცდილებით გამოწვეული სიმპტომები გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება და თვეობით და წლობით გრძელდება, საქმე შეიძლება პოსტ-ტრავმული სტრესის აშლილობასთან გვქონდეს.

სიმპტომები
პოსტ-ტრავმული სტრესის აშლილობის სიმპტომები შესაძლოა ტრავმული შემთხვევიდან ერთ თვეში, ან წელში დაიწყოს და განვითარდეს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას სამუშაო და სოციალურ სიტუაციებში. ასევე, მათ შეუძლიათ ურთიერთობებში არსებული პრობლემები უფრო მეტად დაძაბონ და ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუარესონ.
პოსტ-ტრავმული სტრესის აშლილობის სიმპტომები ძირითადად ოთხ კატეგორიად იყოფა: შემაწუხებელი და განმეორებითი მოგონებები; არიდება/იგნორირებითი; ხასიათისა და აზროვნების ნეგატიური ცვილებები და ცვლილებები ფიზიკურ-ემოციურ რეაქციებში.
შემაწუხებელი და განმეორებითი მოგონებები:
-განმეორებითი, არასასურველი მოგონებები გამოცდილ ტრავმულ შემთხვევაზე;
-გამაღიზიანებელი სიზმრები და კოშმარები გამოცდილი ტრავმის შესახებ;
-მძიმე ემოციური და ფიზიკური სტრესის განცდა, როცა რაიმე გადატანილ, ან გამოცდილ ტრავმას გახსენებს.
არიდება/იგნორირებითი:
-ტრავმული შემთხვევის შესახებ საუბრისა და ფიქრის არიდების მცდელობები;
-იმ ადგილების, აქტივობების, საგნებისა და ადამიანების თავიდან არიდება რომელიც გადატანილ, ან გამოცდილ ტრავმასთანაა კავშირში.
ხასიათისა და აზროვნების ნეგატიური ცვლილებები
-საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებზე, ან მსოფლიოზე ნეგატიური ფიქრები;
-მომავლის შესახებ უიმედობის განცდა;
-მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. ტრავმულ გამოცდილებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტების გახსენების პრობლემა;
-ახლო ურთიერთობების შენარჩუნების პრობლემა;
-აქამდე სასიამოვნო აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვა;
-ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ კავშირის შეგრძნების პრობლემა;
-დადებითი ემოციების განცდის პრობლემა.

ცვლილებები ფიზიკურ-ემოციურ რეაქციებში
-შიშის მარტივად განცდა;
-ყოველთვის საშიშროებიდან თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნა;
-თვითგანადგურების მსგავსი ქცევები. მაგალითად, გადაჭარბებულად სმა და მანქანის სწრაფად მართვა;
-ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
-კონცენტრაციის პრობლემები;
-გაღიზიანების, სიბრაზისა და აგრესიული ქცევების გამოვლინება;
-გადაჭარბებული დანაშაულისა და სირცხვილის განცდა.
სიმპტომების ინტესიურობა
სიმპტომების სიმძაფრე დროთა განმავლობაში განსხვავდება. დროის კონკრეტულ მონაკვეთში კონკრეტული სიმპტომები შეიძლება მძაფრი იყოს, ან პირიქით_სუსტი. როგორც წესი, სიმპტომები სტრესის განცდისას ვლინდება, როცა გადატანილ და გამოცდილ ტრავმასთან მიახლოებულ ემოციებს განვიცდით. მაგალითად, მანქანის დაზიანებული მუხრუჭის ხმამ, შეიძლება ტანკის მიერ გასროლილი ჭურვის ხმა მოგაგონოთ. ან ახალ ამბებში გაგებულმა სექსუალური ძალადობის ფაქტმა გადატანილი შემთხვევა დეტალებში გაგახსენოთ.
როდის მივიდეთ შესაბამის პროფესიონალთან?
იმ შემთხვევაში, თუ გადატანილი ტრავმული გამოცდილებიდან ერთი თვის შემდეგ ისევ განიცდით მძიმე სტრესს, ცხად მოგონებებს (ე.წ „ფლეშბექებს“) და ზოგადად, გიჭირთ ცხოვრების ძველებურ წესს დაუბრუნდეთ, აუცილებელია
პროფესიონალთან ვიზიტი. იმ შემთხვევაში, თუ საქმე სუიციდურ ფიქრებთან გვაქვს აუცილებელია გადაუდებელი დახმარების მიღება შესაბამისი მკურნალობის გეგმითა და ახლობელი ადამიანების მხარდაჭერით!

გამომწვევი მიზეზები
პოსტ-ტრავმული სტრესის აშლილობის ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ფიზიკურ-ტრავმულ და სექსუალური ძალადობის შემთხვევის მომსწრე, ან მონაწილე ხდება. სხვა მენტალური აშლილობების მსგავსად, აქაც კომპლექსურ მიზეზებთან გვაქვს საქმე, როცა დიაგნოზის დასმა ხდება:
-სტრესული გამოცდილებები, მათ შორის გადატანილი ტრავმის სიმძიმე;
-გენეტიკურად მიღებული სტრესის, დეპრესიისა და შფოთვის მიმართ მიდრეკილების ფაქტორები;
-ტვინის უნარი, ქიმიური ბალანსი შეინარჩუნოს და დაარეგულიროს.
რისკ ფაქტორები:
-ინტენსიური და ხანგრძლივი განცდები რომლებიც ტრავმასთანაა კავშირში;
-ადრეულ ასაკში გადატანილი მძიმე შემთხვევა. მაგალითად, ფიზიკური, სექსუალური, ან ფსიქიოლოგიური ძალადობის ფაქტები ბავშვობაში;
-ისეთი პროფესია რომელიც ფიზიკური საფრთხის ქვეშ გაყენებთ. მაგალითად, სამხედრო საქმიანობა, ან მშენებლობები საქართველოში;
-სხვა მენტალური პრობლემები როგორიცაა: დეპრესია და შფოთვიში აშლილობა;
-ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გადაჭარბებული მოხმარება;
-ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა.
ტრავმული მოვლენების მაგალითები:
-საომარი მოქმედებების საკუთარ თავზე გამოცდა;
-ბავშვობაში გადატანილი ფიზიკური წნეხი;
-სექსუალური ძალადობა (გაუპატიურების, ან მისი მცდელობის ფაქტი);
-ფიზიკური ძალადობის, ან მუქარის გადატანა;
-იარაღით დამუქრება;
-გართულებული მშობიარობა;
-პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საჯაროდ გაზიარება;
-უბედური შემთხვევები როგორიცაა: ავარია, თვითმფრინავის ავარიული დაშვება და ა.შ.

გართულებები
პოსტ-ტრავმული სტრესის აშლილობის დიაგნოსტირება უმნიშვნელოვანესია. მას დიდი გავლენა აქვს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ურთიერთობებსა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებზე. თუ პოსტ-ტრავმული სტრესის აშლილობას შესაბამისად არ ვუმკურნალებთ, შესაძლოა განგვივითარდეს:
-დეპრესია და შფოთვითი აშლილობა;
-ნარკოდამოკიდებულება;
-კვებითი აშლილობები;
-სუიციდური ფიქრები, ან მცდელობები.
პოსტ-ტრავმული სტრესის აშლილობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მძიმე შემთხვევის გადატანიდან მალევე მივიდეთ შესაბამის სპეციალისტთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმპტომების განცდა ერთი თვის შემდეგ იწყება, რის გამოც ბევრი ადამიანი თვლის, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლეს სტრესთან გამკლავება. სინამდვილეში, შეიძლება ეს ასე სულაც არ იყოს და ზემოთ ხსენებული გართულებებისა და რისკ ფაქტორების განვითარების თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისების მიღება.
Comments