top of page
Search

რა მასწავლა ჩემმა პოლიამორულმა ურთიერთობამ

  • Writer: სიზიფეს მიმი
    სიზიფეს მიმი
  • Jul 1, 2020
  • 5 min read

Updated: Jan 30, 2023

წყნარი პარასკევი საღამოა, სამსახურს ვამთავრებ და თინდერის აპლიკაციას "ვსქროლავ". ერთ-ერთი წყვილის პროფილს გადავაწყდი რომელიც threesome-სთვის (ქართულად სამეული სექსისთვის) ეძებდა ვიღაცას. "დავმეჩდით" და გადავწყვიტეთ ერთ-ერთ ბარში შევხვედროდით ერთმანეთს. მშვენიერი მუსიკა უკრავდა, რამდენიმე სასმელის შემდეგ ეს მუსიკა უფრო მომეწონა და ჩემს თინდერის წყვილთან საუბარიც უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა. სამივეს მოგვეწონა ერთმანეთი და შაბათ დილას მათ სახლში შევხვდი. არასდროს არ ვყოფილვარ ისეთი ადამიანი რომელსაც სჯერა გახსნილი ურთიერთობების, ან პოლიამორიის და სულ მეგონა, თუ ვინმე მესამე სჭირდება წყვილს ურთიერთობაში ესეიგი რაღაც რიგზე ვერაა. თუმცა ჩემგან დამოუკიდებლად ჩემი მთელი წარმოდგენები მალევე შეიცვალა. ჩვენი პირველი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში მალევე მთხოვეს ისევ შეხვედრა ოღონდ არა სექსისთვის, არამედ პაემნისთვის. ცოტა დავიბენი.

მეგონა რომ მეორედ აღარც ვნახავდით საერთოდ ერთმანეთს და ერთ-ერთ პარკში რომელიც ტბებით, ბარებითა და სხვადასხვა გასართობი ადგილებით იყო სავსე უბრალოდ, დროის გასაყვანად შევხვდით. დავიწყეთ საუბარი, უამრავი კითხვები ჰქონდათ განსაკუთრებით საქართველოზე და მეც რა თქმა უნდა, მათ შესახებ მომინდა მეტის გაგება. უფრო და უფრო დავახლოვდით და იმ საღამოს ნომრებიც გავცვალეთ და თინდერზე აღარ ვწერდით ერთმანეთს. აღმოჩნდა რომ ერთნაირი მუსიკა მოგვწონდა, ერთნაირი ფილმები და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე. ბევრს ვსაუბრობდით ჯგუფურ მიმოწერაში, ვცვლიდით ბმულებს, რეკომენდაციებს და ჩვენი შეხვედრების სიხშირეც გაიზარდა. მალევე მივხვდი, რომ გრძნობები მიჩნდებოდა რამაც იმდენად არაკომფორტულ სიატუაციაში ჩამაგდო, რომ სრული გაურკვევლობა მქონდა თავში.

არასდროს ვყოფილვარ დიდი რომანტიკოსი, თუმცა ნათელი ხდებოდა რომ ამჯერად რაღაც სხვაგვარად იყო. ამის გამო დავფრთხი და ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა მათთან შეხვედრა რასაც უამრავი კითხვა მოჰყვა და აღმოჩნდა, რომ მათაც მსგავსი ემოციური მდგომარეობა ჰქონდათ. ამის შემდეგ ერთი კვირა გავიდა ისე, რომ ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია და ორივე ძალიან მენატრებოდა და ერთ საღამოს კარზე ზარი გაისმა და ორივე შემეჩეხა. იმ საღამოს გადავწყვიტეთ. რომ ტრადიციული ურთიერთობების ფორმებისგან განსხვავებული რამ გვეცადა, პოლიამორია. ამ სიტყვის არსი ერთზე მეტი პარტნიორის მიმართ რომანტიკული გრძნობების ქონას მოიაზრებს და იმდენად რამდენადაც დღეს მსგავსი ურთიერთობები არც თუ ისე ხშირია, რამდენიმე საუკუნის წინ ეს პირიქით იყო.

დროის გასვლასთან ერთად უფროდაუფრო მეტად მოგვწონდა ერთმანეთი და როგორც ხდება ხოლმე, ნელ-ნელა სასიყვარულო ურთიერთობისკენ მივიწევდით. ამ თემით უფრო და უფრო დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ ბევრ ლიტერატურულ და ხელოვნების ბევრ სფეროში შეიძლება გადავაწყდეთ მსგავს ისტორიებს. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ სიყვარული ერთხმად ამიხსნეს რაც ცოტა სასაცილო იყო იმიტომ, რომ მათი ერთ-ერთი მეგობარი გამაცნეს იმ დღეს რომელმაც აივანზე დამინახა კოცნისას და მეორესთან დაბნეული სახით გაიქცა, რომელმაც სიცილითა და ერთგვარი ემპათიით აუხსნა რა ხდებოდა. ერთად ცხოვრებისას აღმოვაჩინე, რომ დიდად ტრადიციული, მონოგამიური ურთიერთობებისგან პოლიამორული ურთიერთობა ყოველდღიურ საკითხებში არ განსხვავდება.

სამსახური, საღამოს სადმე ბარში, ან პარკში წასვლა, პიკნიკი, ფილმების ყურება, საჭმლის მომზადება... უბრალოდ, ამას ორ სხვა ადამიანთან ერთად აკეთებ რომლებიც გიყვარს. ყველაზე რთული ამ ურთიერთობაში ორივეს ოჯახთან შეხვედრა იყო რადგან მეგონა, რომ პესიმისტურად შეხვდებოდნენ ამ ყველაფერს რაც ნაწილობრივ ასეც იყო. ერთ-ერთის ოჯახმა ვერ გაიგო საერთოდ რა ხდებოდა და ბევრი საუბარი დაგვჭირდა, მეორეს ოჯახმა პირიქით, მხარდაჭერა გამოიჩინა და გვითხრა, რომ ეგ თქვენ გგონიათ რაღაც ახალიო, თორემ არც ისეთი რამაა რაც კაცობრიობას აქამდე არ გამოუცდიაო.

ცხოვრებაში სულ ორჯერ მიყვარდა. ჩემი პირველი შეყვარებულის შემდეგ დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი თავი ისევ შემეყვარებინა და საერთოდ, "დეითინგი" ისევ დამეწყო და ჩემი ურთიერთობები თინდერის ერთი ღამის ურთიერთობებს გამცდარიყო. მეორედ ორჯერ შემიყვარდა და ორმაგად იღბლიანად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ყველაფერი რიგზე იყო, ძირითადად არ ვკამათობდით არაფერზე როგორც შეყვარებულებმა იციან ხოლმე; ვინაწილებდით მოვალეობებს; დავდიოდით კლუბებში და ა.შ.

ერთ-ერთი რთული ეტაპი ჩემს მეგობრებთან ამ ამბის მოყოლა იყო და მათთვის ჩემების გაცნობა. რადგან საქართველოში არ ვცხოვრობ, ამის დისტანციურად გაკეთება მომიწია რაც ურთიერთობის და კომუნიკაციის ხარისხს ამცირებს. იყო ბევრი კითხვა, ბევრი კომენტარი, თუმცა მხოლოდ რამდენიმეზე დავწერ. პირველი და ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა: არ ეჭვიანობ? თავიდან ვეჭვიანობდი, ორივე ეჭვიანობდა. იგრძნობოდა ეს ყველაფერი და ამის გამო ხშირად ვსაუბრობდით გულწრფელად სხვადასხვა თემაზე. ამ ყველაფრის გადალახვას დიდი ენერგია დასჭირდა, თუმცა ეს ეტაპი გავიარეთ რის შემდეგაც ყველაფერი ბევრად უკეთ იყო და თუ რომელიმე ჩვენგანს რაიმე ნეგატიური განცდა გვქონდა, ამაზე ღიად ვსაუბრობდით. მეორე კითხვა ეხებოდა სექსს. როგორი იყო სექსი.

როცა შეყვარებული ხარ, სექსი ბევრად უფრო კარგია (ჩემთვის ასეა) და შესაბამისად ჩემი სექს ცხოვრებაც ისევე როგორც მათი, ორმაგად უკეთესი გახდა. პრობლემა უბრალოდ პატარა შხაპის კაბინა იყო, სადაც სამივე ვერ ვეტეოდით. იყო ბევრი სკეპტიკური კომენტარი ისეთი მეგობრებისგან რომლებიც კარგად მიცნობენ და ჩემს რთულ ხასიათზე იციან. ძალიან მიჭირს ჩემი სენსიტიური მხარის ჩვენება ადამიანებისთვის რამდენადაც ახლობლები არ უნდა იყვნენ ისინი, თუმცა ამის პრობლემა ჩემებთან არ მქონია. როცა მარტო ვრჩებოდი და რაიმე კითხვა, ან ეჭვი მიჩნდებოდა ვხვდებოდი რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ იმის შიშის გამო ხდებოდა, რომ საზოგადოებისა და ადამიანების განსჯის მეშინოდა და ვცდილობდი, რომ ამაზე არ მეფიქრა და მომენტით მესიამოვნა. რაც შეეხება იმას, თუ რა მასწავლა ამ ურთიერთობამ:

სიყვარული არ არის რაღაც შეზღუდული მცნება - ალბათ, პათეტიკურად ჟღერს ეს ფრაზა, თუმცა სხვაგვარად არ გამოდის. ურთიერთობაში იმას მივხვდი, რომ ჩემმა ტოქსიკურმა გამოცდილებებმა მეგობრებთან, წინა შეყვარებულთან და ზოგადად ადამიანებთან, ზედმეტად პრაგმატულ, ცინიზმით სავსე ადამიანად მაქცია და დამავიწყდა, რამდენად კარგია იყო უპირობოდ მიღებული და განიცდიდე ერთგვარ ვალიდაციას. თუმცა, რომანტიკულად გიყვარდეს ორი ადამიანი დამღლელია. ყველაფერს უფრო მძაფრად განიცდი. ორმაგად გენატრება, ორმაგად გიხარია, ორმაგად უნდა გადაანაწილო ყურადღება, ორი ადამიანის პრობლემების შესახებ უნდა ისმენდე და ცდილობდე, მხარი დაუჭირო. ისევე როგორც გასცე უფრო მეტი - რაც შეიძლება ერთგვარად ფრუსტრაციული იყოს.

პრობლემა იმაში არაა რომ პოლიამორია კონტრავერსულად ჟღერს, ის უბრალოდ ძალიან კარგია იმისთვის, რომ მარტივი იყოს - როგორც ზემოთ ვახსენე მთელი ურთიერთობა დიდი შრომა იყო ისე როგორც, ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა. ხშირად გვიწევდა გავჩერებულიყავით რათა გადაგვეფასებინა ვინ როგორ გრძნობდა თავს, რამე ეჭვები, შიშები, კითხვები ან რაიმე ნეგატიური განცდები ხომ არ არსებობდა. ასევე ჩემნაირი ადამიანისთვის რომელსაც მარტო ყოფნა უყვარს, ცოტა პრობლემური აღმოჩნდა დროის პოვნა განმარტოებისთვის. განსაკუთრებით კი კარანტინში, როცა აპარტამენტის დიდი ზომის მიუხედავად, მაინც არ მქონდა იმის განცდა რომ მარტო ვარ. ამას გარდა, ძალიან პირდაპირი ვარ და დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მათ გრძნობებზე მეფიქრა ხოლმე სანამ რამეს ვიტყოდი ხოლმე. იყო კიდევ ერთი მომენტი რომელიც გამოწვევად მექცა, საკუთარი მეგობრებისთვის დროის დათმობა და სოციალიზაცია რომანტიკული ურთიერთობის გარეთ. თავიდან ძალიან მიჭირდა, თუმცა მალევე შევეჩვიე ამ მდგომარეობას და ვისწავლე დროის სწორად გადანაწილება და პრიორიტეტების გადანაწილება.

წინა ურთიერთობის ნეგატიურ გამოცდილებებს ადგილი არ აქვს ახალ ურთიერთობაში - ყველა ჩვენგანს ალბათ, ჰყოლია ადამიანი რომელმაც გული ატკინა, რასაც ემოციური გავლენა აქვს ჩვენზე და ამ ყველაფრის გადაფასებას დრო სჭირდება. როცა ურთიერთობას იწყებ მგონია, რომ წინა ურთიერთობის მოგონებები და მცირედი დეტალები ისე გიტივტივდება გონებაში, რომ გაოცებული იწყებ იმაზე ფიქრს თუ როგორ მუშაობს ადამიანის გონება და მეხსიერება. ამ გამოყოლილი ემოციური ტვირთის ადგილი არ არის პოლიამორულ, თუ მონოგამიურ ურთიერთობაში. მან შეიძლება უბრალოდ ნეგატიურად განგაწყოს და საკუთარი თავის რწმენა დაგაკარგვინოს. რაც მთავარია, როცა ორ ადამიანთან აკავშირებ საკუთარ თავს კიდევ ერთი ადამიანის დამატება ახალ ურთიერთობაში რომელმაც გული გატკინა, ურთიერთობა შეიძლება უფრო პრობლემური და ჩახლართული გახადოს.

ყველაზე რთული რაც ცხოვრებაში გამიკეთებია ჩვენი დაშორება იყო. ურთიერთობის რაღაც ეტაპზე სხვადასხვა მიზეზები ამოტივტივდა რომელმაც შუაზე გაგვყო. ერთ-ერთმა "ჩემმა" სრული დაფინანსება მიიღო ძალიან კარგი უნივერსიტეტიდან სადაც საავტორო უფლებების შესახებ უნდა ესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ძალიან გაგვიხარდა სამივეს, თან გვეწყინა კიდეც, იმიტომ რომ ეს ამბავი არ იყო უბრალო და მთელს ჩვენს ცხოვრებას შეცვლიდა. იმ კონვერტის გახსნის შემდეგ რომელმაც ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა და რამდენიმე დღე არ დაგვაძინა, ყველაფერი შეიცვლა. ბევრი დისკუსიის შემდეგ კი გადავწყვიტეთ დავშორებულიყავით, რადგან მე ვერ შევძლებდი სხვა ქვეყანაში მარტივად წასვლას, ისევე როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი. არ გვინდოდა, რომ ვინმეს ასეთი შანსი ხელიდან გაეშვა და ვერც მივცემდით თავს იმის უფლებას რომ საყვარელი ადამიანისთვის ისეთ რამეზე უარის თქმა გვეთხოვა, რაც მთელი ცხოვრება უნდოდა. ამის გამო დავშორდით. ძალიან ძნელი და რთული იყო იმის გააზრება, რომ ბოლო დღეებს ვატარებდით ერთად და ჩემი წიგნების, ნივთების და ჩვენი რამდენიმე ფოტოს წამოღება მომიწევდა ჩვენი სახლიდან და მარტო ცხოვრების გაგრძელება. ჩემმა მეგობრებმა მკითხეს, რატომ არ დავრჩი ერთ-ერთთან როცა ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, თუმცა ჩვენ ცალკე უბრალოდ ის არ ვიქნებოდით რაც სამივე ერთად. ამის გამო უბრალოდ მეგობრებად დავრჩით. სამივე ჩვენგანს უამრავი დადებითი მოგონება და მომენტი შემოგვრჩა მოგონებად რომლის შესაქმნელადაც არცერთი ვიშურებდით ენერგიას და რაც მთავარია, სამივე ჩვენგანის ცხოვრებაში გაჩნდა ისეთი განსხვავებული რამ, რაც არასდროს დაგვავიწყდება.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

Subscribe Form

Thanks for submitting!

©2020 by ფსიქოლოგია დღეს. Proudly created with Wix.com

bottom of page