შენიღბული ნარცისიზმი
- სიზიფეს მიმი
- Mar 6, 2020
- 3 min read
Updated: Jan 22, 2023
როგორია შენიღბული ნარცისიზმი? ნარცისი სტერეოტიპული წარმოდგენებით, არის გამომწვევი, თავდაჯერებული, საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი და ამას ის ღიად გამოხატავს. ლოგიკურად, შენიღბული ნარცისი არის ადამიანი რომელსაც ნარცისული პიროვნული აშლილობის ყველა ნაცნობი სიმპტომი აქვს, მაგრამ შეფარულად. ასეთი ადამიანების ამოცნობა ძალიან ძნელია და ამასთანავე, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეიძლება მარტივად მოვექცეთ გავლენის ქვეშ.
მარტივად რომ ვთქვათ, ამ აშლილობის მქონე ადამიანები გააკეთებენ ყველაფერს, რომ ისინი უყვარდეთ, პატივს სცემდნენ და ა.შ. იქნებიან საუკეთესო თანამშრომლები (ისინი ზედმეტ საათებსაც კი იმუშავებენ, რათა უფროსის კეთილგანწყობა დაიმსახურონ), მეგობრები, მშობლები და ა.შ.

თუ ღია ნარცისები არასდროს იხდიან ბოდიშს, შეფარული ნარცისები პირიქით, ყოველთვის მოიხდიან და მეტიც, ისინი ამაში პროფესიონალები არიან. მხოლოდ ერთი რამაა გასათვალისწინებელი, შენიღბული ნარცისები არასდროს იხდიან ბოდიშს გულწრფელად, არამედ ამით ადამიანებში სინდისის ქენჯნას იწვევენ. და მაინც რომელი განსაკუთრებული მახასიათებლები გააჩნიათ შენიღბულ ნარცისებს?
სამსახურეობრივი პოზიციები
შენიღბული ნარცისები ყოველთვის წარმატებულები და მაღალშემოსავლიანები არიან. ისინი თითქმის ყოველთვის წამყვან პოზიციებზე მუშაობენ. მათ შევხვდებით მოსამართლეებში, ექიმებში, პოლიტიკაში და ყველგან, სადაც ძალაუფლების დემონსტრირება ხდება, მაგრამ გასაკვირია და ისინი შეიძლება ასევე მღვდლებად, შამანებად, გურუებად, მასწავლებლებად და მისიონერებად მოგვევლინონ. ძალაუფლების შეგრძნება მათი ეგოს ასამაღლებელი მოთხოვნილებაა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ვინც ამ სფეროებში მუშაობს შენიღბული ნარცისია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველა ნარცისი სწორედ ამ სფეროებისკენ მიიწევს.
მათ შენ არ აინტერესებ
მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაგისვამენ ბევრ პირადულ კითხვას და ამას ძალიან სერიოზული და მოსასმენად გამზადებული სახის გამომეტყველებით იზამენ, მათ შენ არ აინტერესებ. და თუ აინტერესებ, მაშინ დიდია შანსი ინფორმაცია შემდგომი მანიპულაციებისთვის გამოიყენონ.

მათ არ შეუძლიათ ჯანმრთელი ურთიერთობების ქონა
ისინი არ დაიცავენ მეუღლეს, რადგან უბრალოდ არ აინტერესებთ. არ გაიხარებენ სხვების მიღწევებით, ისინი ეცდებიან შეფარვით ატკინონ გული და შემდეგ აქეთ მოახდევინონ ბოდიში, რადგან მანიპულაციები მათი ძირითადი სფეროა. დაბადების დღეები, დღესასწაულები ყოველთვის დამთავრდება კატასტროფულად, ისინი გაჩუქებენ საჩუქარს რომელიც არ გინდოდა, თუმცა მოაყოლებენ ისტორიას, რის მიხედვითაც საჩუქრის მოსატანად ცხრა მთა და ზღვა გადაიარეს და ამით თავს დამნაშავედ და ცუდ ადამიანად გაგრძნობინებენ. მერე რა რომ ეს კონკრეტული საჩუქარი არ გინდოდა? მთავარია როგორ გულით ეცადა შენს გახარებას და იწვალა და საერთოდაც რატომ ხარ ასეთი ცუდი ადამიანი? მთავარი ხომ საჩუქარი საერთოდ არ არის! აქვე მეორე ვარიანტიც შეიძლება განვიხილოთ, საოცნებო წვეულება საოცნებო საჩუქრით, მთავარია თითოეულმა სტუმარმა დაინახოს ეს და შემდეგ მთელი საღამო მის ქებაში გაატარონ. შენი წვეულება კი თავისთავად მის წვეულებად გადაიქცევა.
რჩევები
შენიღბული ნარცისები კარგად იცნობენ ადამიანის ბუნებას და ამიტომაც მათთვის საჭირო რჩევების გაცემა მარტივია, აქ მთავარი მიწოდების ფორმაა. სამსახურში უფროსთან პრობლემები გაქვს და მისი დახმარება გჭირდება? თავისთავად დაგეხმარება და ამას ალბათ ადრევეც ამჩნევდა, შენი სისუსტიდან გამომდინარე. ისინი მუდმივად ცდილობენ ადამიანების დაკნინებას, რჩევების მიცემის დროსაც კი, თუმცა მათი გამოჭერა საკმაოდ რთულია.

გულმავიწყობა
სახლში ავოკადოს ამოტანა დაავიწყდა? ის ამას მთელი გულით მოინანიებს, ბოდიშსაც მოიხდის და დაგპირდება, რომ უახლოეს თავისუფალ წუთს გამოასწორებს სიტუაციას, თუმცა ეს წუთი რატომღაც არ დადგება. ისინი საპატიო მიზეზების მოფიქრებაში ოსტატები არიან და აქაც იგივე, ვერ შეეწინააღმდეგები, ვის არ შეიძლება დაავიწყდეს, ან ჩაიწეროს ფურცელზე და შემდეგ ვეღარ იპოვოს? მობილური დაუჯდეს? და ა.შ!?
ვითომ მართლა გიჟი ხარ?
ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა აწყობს შენიღბულ ნარცისს. ის სრულებით მშვიდი გამომეტყველებით „შეგინთებს“ ცეცხლს და დაგაჯერებს, რომ კონკრეტულ სიტუაციაში შენ ცდები და არა ის, ალბათ გადაიღალე და კარგად ვერ აზროვნებ, იქნებ დამამშვიდებელი მიგეღო და დაძინება გეცადა? მეორე დილით უკეთ ილაპარაკებდი, ის კი აქეთ მოგეხმარება რომ საწოლში ჩაწვე და ბალიში გაგისწოროს. შენ კი ისღა დაგრჩენია დაბოღმილმა დაიძინო, რადგან ფაქტების შემოტრიალების და გადმობრალების ოსტატი ნარცისის წინაშე ვერაფერს გახდი.
ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება
„იცი, შენი ძმა ამბობს, რომ ძალიან უხეში და არაკორექტული ადამიანი ხარ, მგონი ამაზე ხუმრობაც კი მოაყოლა. მე კი გაგიცანი და პირიქით მგონია, სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, მგონი შენი ძმისთვის არ უნდა დამეჯერებინა, ცოტათი გავლენა მოახდინა მისმა სიტყვებმა" - ამის შემდეგ მხოლოდ გაბრაზებული და-ძმის ჩხუბის წარმოდგენა შეგვიძლია, სავარაუდოდ შენიღბული ნარცისის თანდასწრებით, გაზვიადებული იქნება მის ხელში შამპანურის ჭიქის წარმოდგენა, თუმცა შინაგანად ნამდვილად მსგავსი შეგრძნება ექნებოდა.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ზემოთ მარტივი ენით მოყვანილი მაგალითები "ფარული" ნარცისი ადამიანის შესახებ წარმოდგენას შეგიქმნით. მათი ამოცნობა მნიშვნელოვანია, რათა სამუშაო გარემო იქნება ეს, თუ პირადი ურთიერთობები, სხვადასხვა ტიპის იმედგაცრუება, ან უსიამოვნება თავიდან აირიდოთ და თქვენთვის საყვარელ ადამიანს ნარცისული ჩვევების დაძლევაში დაეხმაროთ.
სტატიის იდეა და თარგმანი: მარიამ გაბრიელაშვილი
Comments